„მედიის განვითარების ფონდი" აქვეყნებს მედია- მონიტორინგის შედეგებს თემაზე -„კონფლიქტების გაშუქება ქართულ მედიაში". მონიტორინგი ჩატარდა „მედია მონიტორინგი - პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო". დაკვირვება, რომლის მთავარი სამიზნე იყო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცვა 2012 წლის გაზაფხული. დროის ეს მონაკვეთი საგანგებოდ შეირჩა, ვინაიდან ის ემთხვეოდა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტისა და აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებს.
მონიტორინგის ობიექტებად შეირჩა როგორც სატელევიზიო, ისევე ბეჭდვითი მედია საშუალებები. კერძოდ, გაანალიზდა ხუთი ტელეკომპანიის: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველიარხის, „რუსთავი–2"–ის, „იმედის", „კავკასიისა" და „მაესტროს" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები. ბეჭდვითი მედიიდან დაკვირვება განხორციელდა ყოველკვირეულ გამოცემებში: „კვირის პალიტრა", „ასავალ–დასავალი" და „ქრონიკა" – დაბეჭდილ პუბლიკაციებზე.
მონიტორინგის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა რაოდენობრივ და შინაარსობრივ კომპონენტებზე. კერძოდ, ყურადღება დაეთმო კონფლიქტების თემატიკის გაშუქების სიხშირეს, მრავალფეროვნებას, ასევე იმ განსხვავებებს და თანხვედრას, რაც განხილული საინფორმაციო საშუალებების ერთმანეთთან შედარების გზით გამოიკვეთა. შეფასდა გაშუქების ტონი, ინფორმაციის წყაროების და ობიექტურობის კომპონენტი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
კონფლიქტების გაშუქება ქართულ მედიაში