დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HGPHW
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 30 იან 2012

ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკის მონიტორინგი

„მედიის განვითარების ფონდი" 2011 წლის შემოდგომაზე განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ მონიტორინგი განხორციელდა ფონდ „ღია-საზოგადოება _ საქართველოს" მხარდაჭერით ორგანიზაციის „მედიის განვითარების ფონდის" პროექტის _ „მედია მონიტორინგი _ პროფესიული და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში.

დღეს გთავაზობთ დავით აფრასიძის მიერ მომზადებულ დასკვნას სატელევიზიო მედიის კონტენტთან დაკავშირებით. აღნიშნული მონიტორინგი განმეორებით განხორციელდა, რათა 2011 წლის აპრილში დაფიქსირებული შედეგების შედარებით ზოგადი ტენდენციები გამოგვეკვეთა. საინტერესოა, რომ 2011 წლის აპრილთან შედარებით, 2011 წლის შემოდგომაზე გაიზარდა დამთხვევების წილი საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-სა და იმედს და მეორეს მხრივ ტელეკომპანიების მაესტროსა და კავკასიას საინფორმაციო გამოშვებების შინაარსს შორის, ხოლო მესამე ჯგუფის შიგნით (საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია) - ეს მაჩვენებელი შემცირდა.

კერძოდ, დავით აფრასიძის კვლევის თანახმად: 2011 წლის აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით ერთმანეთს შევადარეთ ხუთი სატელევიზიო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები გაშუქებული თემატიკის მიხედვით. კვლევა ეყრდნობოდა დაშვებას, რომ თემატური თანხვედრა უფრო მოსალოდნელი იყო, ერთი მხრივ, სამ ცენტრალურ არხს (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) და, მეორე მხრივ, კავკასიასა და მაესტროს შორის.

კვლევის შედეგებით გამოჩნდა. რომ სამი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) წამყვანი საინფორმაციო სამსახურების მიერ გაშუქებულ თემებში უფრო მეტი იყო საერთო თემები, ვიდრე კავკასიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წყვილის, ან თუნდაც კავკასიისა და მაესტროს წყვილის შემთხვევაში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასაანალიზებელი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში დამთხვევა 50 პროცენტსაც კი აღემატებოდა, დამთხვევების საშუალო მაჩვენებელი სამი ნაციონალური არხის შემთხვევაში 33 პროცენტს არ აჭარბებდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მაესტროსა და კავკასიის საინფორმაციო გამოშვებები კიდევ უფრო განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან და, ცალკეული შემთხვევების გარდა, დამთხვევა 26 პროცენტს არ აღემატებოდა.

მოგვიანებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ანალოგიური მეთოდოლოგიით შედარება გაგვემეორებინა 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებზე დაყრდნობით. საინტერესოა, რომ განსხვავებით 2011 წლის აპრილისაგან, როცა არ მიმდინარეობდა პოლიტიკურად თუ სხვაგვარად მნიშვნელოვანი ისეთი მოვლენები, რაც გაზომვის შედეგებზე მოახდენდა გავლენას, 2011 წლის ოქტომბერში მოვლენების ცენტრში მოექცა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე. ასევე, საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ამდენად, საინტერესოა, ვნახოთ, იქონია თუ არა ამ მოვლენებმა რაიმე გავლენა სატელევიზიო არხების მიერ გაშუქებულ თემებზე.

პირველი ანალიზის მსგავსად, კვლევა არ ისახავს მიზნად, ახსნას აღმოჩენილი მსგავსებები და/ან განსხვავებები. მიზეზების დადგენა უფრო სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს.

2011 წლის ოქტომბერში შემთხვევით შერჩევის პრინციპით შერჩეული სამი დღის ანალიზი აჩვენებს, რომ თემატური დამთხვევები ყველა არხს შორის ძირითადად ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში, მიწისძვრა თურქეთში, ლიბიის კრიზისი, ახალი მინისტრის დანიშვნა. ორი არხი (მაესტრო, კავკასია), ზოგადად უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის აქტივობებს, საპროტესტო აქციებსა და მიმართვებს, ხოლო სამი არხი - სამთავრობო საქმიანობასა და კრიმინალს.

კვლევამ აჩვენა, რომ სამი არხის (საზ. მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) წამყვანი საინფორმაციო სამსახურების მიერ გაშუქებულ თემებში უფრო მეტია საერთო თემები, ვიდრე კავკასიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წყვილის, ან თუნდაც კავკასიისა და მაესტროს წყვილის შემთხვევაში.

დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.
  
უკან