ქცევის კოდექსი
მედიის განვითარების ფონდი წარმოგიდგენთ მონიტორინგის შედეგებს თემაზე: ჯანმრთელობის საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში. მოცემული ნაშრომი წარმოადგენს 2011 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში გამოქვეყნებული სტატიებისა და სიჟეტების ანალიზს ჯანმრთელობის თემებზე. ანგარიში მომზადებულია პროექტის „მედია–მონიტორინგი - პროფესიონალური მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში. (ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით).
ნაშრომში გაანალიზებულია გაზეთების - „ქრონიკა", „რეზონანსი", „ალია", „კვირის პალიტრა" და „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული პუბლიკაციები. ასევე ტელევიზიების - რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, მაესტრო და კავკასიაზე გასული სიუჟეტები.
გამოქვეყნებული მასალების გასაანალიზებლად გამოყენებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: საკითხის მნიშვნელოვნება, სიზუსტე, ბალანსი, წყაროების რაოდენობა და სპეციფიკაცია, წერის სტილი, მასალის სტრუქტურა, ციტატები, ლიდი, ვიზუალური მასალის შესაბამისობა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი შეფასების კრიტერიუმებისა, ცალკე ბეჭდვითი და ცალკე სატელევიზიო მასალებისათვის შევადგინეთ კოდირების სისტემა, რის მიხედვითაც შევაჯამეთ და გავაანალიზეთ შედეგები. (იხილე თანდართული კოდირების ანკეტა)
ანგარიში ეფუძნება 241 გამოქვეყნებულ პუბლიკაციას და 411 სატელევიზიო სიუჟეტის ანალიზს.
კვლევის ავტორია თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ პროფესორი. კვლევის თანაავტორები არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ქეთი გიგაშვილი, ნინო გელაშვილი, ლიკა ზაკაშვილი. სოფო მგალობლიშვილი, თამარ მშვენიერაძე, თაკო მერაბიშვილი, ლიკა მოშიაშვილი, მარიამ ჯაჭვაძე.
კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:
•ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის საკითხებზე გაზეთის ერთ ნომერში ხშირად რამდენიმე მასალა გვხვდება.
•სამომხმარებლო ხასიათის ინფორმაცია მოკლე ნიუსების ფორმით გადმოიცემა, რომელთა წყაროც, როგორც წესი სააგენტოა, ან ქართული ან უცხოური ვებსაიტი, ან წყარო საერთოდ არ არის მითითებული. ზოგჯერ მკითხველი იმასაც ვერ იგებს, რომელ უცხოურ მედია საშუალებას ეყრდნობა ჟურნალისტი.
•ქართულ ბეჭდური მედიაში გავრცელებული ინფორმაციაში ხშირად ვხვდებით ძალადობის, (ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება, წამება, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა), ჯანმრთელი ცხოვრების წესის, ბუნებრივი სტიქიებისაგან დაზარალებული ოჯახების, სამედიცინო დაზღვევის მნიშვნელობის შესახებ. გვხვდება სტატიები საექიმო შეცდომებზე.
•გაზეთებში სარეკლამო ტიპის სტატიებსაც ვხვდებით.
•შეინიშნება ჯანმრთელობის თემების პოლიტიზაციის ტენდენცია, თუმცა, ეს კავშირი უმეტეს შემთხვევებში, ხელოვნურია, არ არის ფაქტებზე დაფუძნებული და მხოლოდ ვარაუდებსა და ჭორებს ეყრდნობა.
•მასალაში განხილული ამბების უმეტესობა საქართველოში ვითარდება. არის უცხოეთიდან მიღებული ინფორმაციაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოკლე, სამომხმარებლო ნიუსების სახით და ასევე გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თემებზე,- როგორიცაა, მაგალითად ნაწლავის ჩხირით გამოწვეული ეპიდემია( ე.წ. ი-კოლის ინფექცია).
•წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა: ჟურნალისტს ან საერთოდ არ ჰყავს წყარო გამოყენებული, ან წყარო არასრულია, რაც ნიშნავს რომ ჟურნალისტი მასალაში არ იყენებს სამ წყაროს ან სამ წყაროზე მეტს, რაც პროფესიული სტანდარტების თანახმად, აუცილებელია. შეიმჩნევა გენერალიზებული, კრებითი, მრავლობით რიცხვში წყაროს მოხსენიება.
•მასალაში წყაროების სახით ვხვდებით ექიმებს, ექთნებს, ჯანდაცვის ექსპერტებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამედიცინო დაწესებულების დირექტორებს, პაციენტებს, პაციენტის მშობლებსა და ახლობლებს, ადვოკატებს, ადამიანებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი შეიქმნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა წარმოდგენილ წყაროთა მრავალფეროვნება მაინც შეზღუდულია, რადგან სტატიებში არ არის წარმოდგენილი ან ძირითადი წყარო, ან სწორედ ის დამატებითი წყარო, რომელიც შედარებით ნათელს მოჰფენდა პრობლემას.
•განხილული მასალის უმრავლესობა ახალი ამბის სტილშია დაწერილი. გვხვდება, ფიჩერსი, არის ისეთი მასალებიც, რომლის სტილის გარჩევაც შეუძლებელია. რაც შეეხება ფორმას, ჭარბობს მოკლე ნიუსები. გვხვდება ასევე ინფორმატიული ტიპის მასალები, კითხვა–პასუხი, ანალიზი.
•განხილული მასალების უმეტესობაში ჟურნალისტი არ იყენებდა ნეიტრალურ ენას. ცხადად ჩანდა რესპონდენტისადმი ან თემისადმი მისი დამოკიდებულება და პირად განწყობილებაზე დამყარებული შეფასებითი ტონი.
•კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ ძირითადი გზავნილები, რაც ქართულ მედიაში ჯანმრთელობის თემების გაშუქებისას ჭარბობს შემდეგია: საზოგადოებრივი საფრთხე, ძალადობა, ფინანსური მაქინაციები, კრიმინალი, საგანგაშო მდგომარეობა, უსამართლობა, სკანდალური და შემზარავი, შემაშფოთებელი ინფორმაცია.
•მესიჯების ტონი ხშირ შემთხვევაში უარყოფითია, მასალა მიზნად ისახავს მკითხველის აღელვებასა და შეშფოთებას.
•ტელემედიაში სულ ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის თემებზე მომზადებული იყო 211 სიუჟეტი. ყველაზე მეტ ყურადღებას ტელევიზიები საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებს უთმობენ. ამავე პერიოდში მედია აქტიურად აშუქებდა ნაწლავის ჩხირით გამოწვეულ ეპიდემიას და იმ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას ახლდა თან. ტელემედიუმების კიდევ ერთი პოპულარული თემა აღმოჩნდა ძალადობა. მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა სამედიცინო შეცდომები. 211 სიუჯეტიდან დაზღვევის თემაზე მხოლოდ სამი სიუჯეტი გაკეთდა. სარეკლამო სიუჯეტები სულ რვა იყო, სადაც ფიგურირებდნენ: ქვეყნის პრეზიდენტი, პირველი ლედი, განათლების მინისტრი, ფარმაცევტული კომპანია.
კვლევის დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში
ჯანმრთელობის საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში