დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CRZKI
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 12 ოქტ 2011

დისკუსია: გენდერი და მედია

დისკუსია თემაზე "გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში” დღეს მედიის განვითარების ფონდის, MDF ინიციატივით კლუბ "ფრონტლაინ ჯორჯიაში” შედგა. ექსპერტმა ქეთევან მსხილაძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ხორბბალაძემ ქართულ მედიაში გენდერის გაშუქების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. კვლევა, "ქალთა საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში,” MDF-მა ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, პროექტის "მონიტორინგი – პროფესიული მედიისთვის” ფარგლებში განახორციელა. დისკუსიაში მედია ექსპერტები, ჟურნალისტები და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

მედიის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქართულ მედიაში სტერეოტიპული აზროვნება და მიდგომები ჭარბობს, გენდერული ბალანსი არ არის დაცული, და ქალთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეული გაშუქების სიხშირე დაბალია. ქალთა მიმართ ძალადობის და ქალების მიერ ჩადენილი დანაშაულის გაშუქება ძირითადად ახალი ამბის მოკლე აღწერით შემოიფარგლება. ასეთი ზედაპირული გაშუქების გარდა, ქეთევან მსხილაძის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა მედიაში სტერეოტიპული აზროვნების კვალიც გამოავლინა. ჟურნალისტები ხშირად დაუსაბუთებლად აღნიშნავენ დამნაშავის სქესს, რაც გენდერული თანასწორობის პრინციპების არცოდნის და სტერეოტიპული მიდგომის შედეგია. მონიტორინგმა სექსისტური გამონათქვამების გამოყენების შემთხვევებიც გამოავლინა. "გენდერის საკითხებში გაუთვითცნობიერებლობის გამო ჟურნალისტები უნებლიედ აძლიერებენ გენდერულ სტერეოტიპებს. ბუნებრივია, ეს განზრახ არ კეთდება. ამის მიზეზი ის არის, რომ თავად ჟურნალისტები არიან ამ სტერეოტიპების მსხვერპლნი, ხშირად იზიარებენ და უნებლიედ ავრცელებენ საზოგადოებაში ქალის შესახებ არსებულ სტერეოტიპებს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტთა გენდერული განათლების გაზრდა,” – აღნიშნა ქეთევან მსხილაძემ. მან შეხვედრაზე ყურადღება გენდერთან დაკავშირებული საკითხების ნეიტრალური გაშუქების მაგალითებზეც გაამახვილა.

მედიის განვითარების ფონდი მონიტორინგს 2011 წლის მარტიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია ქართული მედიის საქმიანობის შეფასება კანონმდებლობასა და მედია-სტანდარტებთან მიმართებაში, ეთიკური და პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირება და ამ თემაზე საჯარო დისკუსიების წახალისება. მედიის განვითარების ფონდი ამ თემაზე დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემასაც გეგმავს, რომელიც ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისა და ამ თემით დაინტერესებული სხვა მკითხველისთვის იქნება განკუთვნილი.


დისკუსია: გენდერი და მედია 12/10/2011

უკან