დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VLBED
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 01 სექ 2011

რელიგიის კანონის გაშუქება ქართულ მედიაში

2011 წლის ზაფხულში მედიასა და საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა რელიგიური და ეროვნული შემწყნარებლობის საკითხი. თემის აქტუალიზება გამოიწვია ე.წ. რელიგიის კანონის მიღებამ. ექსპერტმა მერაბ ბასილაიამ, (არასამთავრობო ორგანიზაცია „ალპე"-ს წარმომადგენელი), მედიის განვითარების ფონდის პროექტის „მედია მონიტორინგი - პროფესიული და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში (პროექტის მხარდამჭერი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო") განახორციელა მონიტორინგი ე.წ. რელიგიის კანონის გაშუქებაზე. მონიტორინგის მიმდინარეობისას, პარლამენტის მიერ რელიგიის კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ქართულ მედია-სივრცეში კომპლექსური პრობლემები და დარღვევების შემდეგი ტიპოლოგია გამოიკვეთა:


• ჟურნალისტურ მასალებში უმცირესობები განიხილულნი არიან, როგორც ჟურნალისტური მასალის ობიექტები და არა სუბიექტები. მცირედი გამონაკლისების გარდა, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტში, ასევე ბეჭდურ და ონლაინ პუბლიკაციაში ჟურნალისტებს არ აქვთ მითითებული თავად რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლების აზრი და აპელირება მხოლოდ საპატრიაქროს პოზიციაზე დაყრდნობით ხდება;


• დარღვეულია სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპი, რადგან ჟურნალისტები საკითხს არა მრავალფეროვნების, არამედ ინდივიდუალური პერსპექტივიდან აფასებენ. ჟურნალისტები, რომლებიც თავის თავს კონკრეტული ინტერესის დამცველებთან აიგივებენ და საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდებენ, ვერ იქნებიან ნეიტრალურები, რადგან ისინი ასეთ შემთხვევაში მხარედ გვევლინებიან.


• სტანდარტის დარღვევაა ასევე რელიგიური უმცირესობების, როგორც ერთიანი მონოლოთური ჯგუფის განხილვა, მათი წარმომადგენლების ინტერვიუს მითითების გარეშე. ერთადერთი წყარო, რომელსაც ჟურნალისტები ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ, არის საპატრიარქო, რაც წყაროების დაბალანსების პრინციპს არღვევს.


• კანონს, რომელიც მიღებულია საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებისთვის, მედია განიხილავს, როგორც სხვა ქვეყნის, ძირითადად სომხეთისთვის გამიზნულ ნაბიჯად და საუბრობს სომხურ ინტერესზე საქართველოს ინტერესის საზიანოდ (მაგალითად, "გასაგებია სომხური ეკლესიის ინტერესი, მაგრამ რა ინტერესი უნდა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს?” ). ამით მედია ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამძაფრებას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, მათი განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის გამო მეზობელი ქვეყანის და არა საკუთარის სახელმწიფოებრიობასთან აიგივებს.


• ამასთანავე უმცირესობები წარმოდგენილი არიან როგორც მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, რომელთაც არ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია თანასწორუფლებიანობაზე, ასევე საკუთრების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის საკულტო ნაგებობა მათ კონფესიას.


• მედია დაუსაბუთებელ პარალელებს ავლებს კანონის მიღებასა და იმ თემებს შორის, რასაც არავითარი კავშირი აქვს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წესთან, იქნება ეს სოციალური სიდუხჭირე, თუ ტერიტორიების დაკარგვა, სეპარატიზმის საფრთხე. უმცირესობებისათვის უფლებების მინიჭების გარე და შიდა საფრთხეებთან გაიგივებით მედია სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს.


• რაც შეეხება დისკრიმინაციულ, არმენოფობიულ და სიძულვილის გამღვივებელ გამოხატვებს, გარკვეულ შემთხვევებში მათ ავტორებად თავად ჟურნალისტები გვევლინებიან, ზოგ შემთხვევაში კი მედია რესპონდენტების პოზიციის ტირაჟირებას ისე ახდენს, რომ რესპონდენტებს არ მიუთითებს, თუ როგორ შეიძლება აღიქვან მსგავსი შეფასებები თავად უმცირესობებმა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ არმენოფობიის მეტი წილი ბეჭდურ მედიაზე მოდის და სტერეოტიპების უმეტესობაც სწორედ სომხებს უკავშირდება.


• იკვეთება ასევე საკითხში გაუთვითცნობიერებლობის პრობლემა. მედია არ ფლობს ინფორმაციას არც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წესის, ანალოგიური საერთაშორისო პრაქტიკის და ზოგადად სეკულარულ სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ. ამის მიზეზი პროფესიონალიზმის დეფიციტთან ერთად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მედია მრავალფეროვნების საკითხებით ნაკლებად ინტერესდება და ამ თემატიკას მხოლოდ მაშინ აშუქებს, როდესაც ის პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ხდება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი ის იმეორებს იმ განწყობებს, რასაც საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ახმოვანებენ.


მონიტორინგის დეტალური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.


რელიგიის კანონის გაშუქება ქართულ მედიაში



უკან