"მედიის განვითარების ფონდი" პროექტის „მედია-მონიტორინგი - ანგარიშვალდებლი და პროფესიონალრი მედიისთვის" ფარგლებში (პროექტის მხარდამჭერი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" ) განხორციელებული მონიტორინგის ახალ შედეგებს აქვეყნებს. პროექტის ფარგლებში ექსპერტმა ეკა აღდგომელაშვილმა განახორციელა მედიაში სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებლი საკითხების მონიტორინგი 2011 წლის 1მაისიდან 2011 წლის 1 ივნისამდე. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში ჰომოფობიური გამონათქვამები და შეურაცხმყოფელი ეპითეტები აქტიურად გამოიყენება პოლიტიკურ დისკურსში.
მონიტორინგისათვის შერჩეული იყო შემდეგი მედია საშუალებები:
გაზეთები: 1. გაზეთი "რეზონანსი” (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. გამოიცემა კვირაში ხუთჯერ); 2. გაზეთი "24 საათი” (ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი); 3. გაზეთი "ალია” (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. გამოდის კვირაში ორჯერ); 4. გაზეთი "ქრონიკა” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი); 5. გაზეთი "ასავალ-დასავალი” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი); 6. გაზეთი "კვირის პალიტრა” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი.); ჟურნალები: ჟურნალი "ტაბულა” (გამოდის კვირაში ერთხელ. აქვს ინტერნეტ-ვერსია); ჟურნალი ”თბილისელები” (გამოდის კვირაში ერთხელ. აქვს ინტერნეტ-ვერსია).
მასალის დამუშავებისას კვლევაში ჩართული იქნა ჟურნალ-გაზეთების ბლოგებზე გამოქვეყნებული სტატიებიც. მონიტორინგის შედეგებში ასევე ჩართულია რადიო თავისუფლების 1 სიუჟეტი და ნეტგაზეთის სტატია, რომელიც ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს - 17 მაისს უკავშირდება.
მთლიანობაში გაანალიზებულ იქნა 36 სტატია და საინფორმაციო შეტყობინება (20 საგაზეთო პუბლიკაცია, 11 – ჟურნალის სტატია); 1 ინტერნეტ-გამოცემა, 1 რადიოინტერვიუ.
მონიტორინგის პროცესში საკვლევ თემასთან დაკავშირებული სტატიების საერთო რაოდენობა შეადგენს 38. სტატიების რაოდენობის მიხედვით ნეგატიურ შეფასებათა რიცხვი (24) მნიშვნელოვნად აჭარბებს პოზიტიურ (5) და ნეიტრალურ შეფასებათა რიცხვს (9).
შეფასებათა ამგვარ განაწილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ჰომოფობიური გამონათქვამები და შეურაცხმყოფელი ეპითეტები აქტიურად გამოიყენება პოლიტიკურ დისკურსში.
მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში გამოიკვეთა, რომ:
• სტატიების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე ჟურნალი „თბილისელებია", რაც იმითაცაა გამოწვეული, რომ ამ თემას ჟურნალი დიდ ადგილს უთმობს. ჟურნალ „თბილისელებში" მონიტორინგის პროცესში მოძიებული მასალების 91% ეხება უცხოეთში მცხოვრებ/მოღვაწე შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ლგბტ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, როგორც წესი, ჟურნალისტები ყოველთვის ხაზს უსვავენ მათ სექსუალურ ორიენტაციას იმისდა მიუხედავად მოითხოვს თუ არა სტატიის შინაარსი ამის გაკეთებას.
• საძიებო სიტყვების ერთი ნაწილი, რომელიც მედიაში გამოიყენება სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის აღსანიშნავად (გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი, ჰომოსექსუალი, ჰომოსექსუალობა, ლგბტ, სექსუალური ორიენტაცია) თავისთავად არ წარმოადგენს ნეგატიური დატვირთვის მქონე ტერმინებს, თუმცა ზოგ შემთხვევაში გამოყენებულია ნეგატიურ კონტექსტში.
• ტერმინებს – გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი – ნეიტრალურ კონტექსტში იყენებს ჟურნალი „თბილისელებიც", რომელიც ყველაზე უფრო ხშირად წერს ამ თემაზე. თუმცა, როგორც წესი, სწორედ ეს მედია საშუალება იყენებს ყველაზე ხშირად სიტყვათშეთანხმებას „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია", რაც თავისთავად ნონსენსია – სექსუალური ორიენტაცია არ შეიძლება იყოს ტრადიციული ან არატრადიციული.
• შეურაცხმყოფელ ლექსიკა (პედერასტი, მესაჯდომე, ცისფერი) ყველაზე ხშირად გაზეთებში „ქრონიკა" (13), „ალია" (11) და „ასავალ–დასავალი" გვხვდება. როგორც წესი, სოციალური ფობიები ძლიერდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისის პერიოდში, როცა აუცილებელი ხდება "ხილული მტრის” ხატის შექმნა. ნეგატიური გამონათქვამების სიმძაფრისა და ლგბტ იდენტობის აღმნიშვნელი ტერმინების შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენების სიხშირით ტრადიციულად ლიდერობენ (ვგულისხმობთ წინა წლების კვლევებს) გაზეთი „ქრონიკა", „ალია" და „ასავალ–დასავალი", რომლებიც, ზოგადად გამოირჩევიან სიძულვილის ენის ხშირი პრაქტიკით არა მხოლოდ სექსუალური, არამედ სხვა უმცირესობათა მიმართაც.
• პოლიტიკური ოპონენტის/ოპონენტების მარკირება ჰომოსექსუალად, დადანაშაულება ჰომოსექსუალობის პროპაგანდაში ამ შემთხვევაში გამოიყენება ერთი მხრივ როგორც გამაძლიერებელი ეფექტი ხელისუფლების წარმომადგენელთაგან „უცხოს" კონსტრუირების პროცესში და მეორე მხრივ – „უცხოსაგან" მომავალი საფრთხის გენერალიზებისათვის, რომელიც მთელ ქვეყანას ემუქრება.
• მონიტორინგის პროცესში შესწავლილი და გაანალიზებული სტატიები ერთნაირადაა გაჯერებული არმენოფობიითა და ჰომოფობიით. კონკრეტულ პერიოდში ამგვარი სიმბიოზი რობერტ სტურუას მიერ გამოთქმულ ქსენოფობიურ მოსაზრებებს უკავშირდება, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელებში.
• ჰომოფობიის საჯარო პოლიტიკურ დისკურსში შემოტანის კიდევ ერთი მაგალითია ტერმინი „ლიბერასტი";
• ჟურნალისტები ხშირად ურევენ ერთმანეთში ტერმინებს, რომელიც გამოხატავს გენდერულ იდენტობას, სექსუალურ ორიენტაციას და სექსუალურ ქცევას.
მონიტორინგის დეტალური შედეგები იხილეთ მონიტორინგის სრულ ვერსიაში - თანდართულ ფაილში.