„მედიის განვითარების ფონდი" მედია-მონიტრინგის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. პროექტი „მედია მონიტორინგი - მედიის პროფესიონალიზმისთვის" ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება და იგი გულისხმობს ერთთვიანი მედია-მონიტორინგების ციკლის განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში ექსპერტმა დავით აფრასიძემ განახორციელა ხუთი ტელევიზიის (საზოგადოებრივი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია) მთავარი საინფორმაციო გამოშვებების (მოამბე 20:00, ქრონიკა 20:00, დღეს 20:30, კურიერი 21:00, ახალი ამბები 21:00) მონიტორინგი. დაკვირვებისთვის შერჩეული იყო აპრილის თვე, რადგან ამ დროს არ მიმდინარეობდა პოლიტიკურად თუ სხვაგვარად არაორდინარული ისეთი მოვლენები, რაც გაზომვის შედეგებზე მოახდენდა გავლენას.
არხების საინფორმაციო გამოშვებების შედარებები მოხდა თემატური ბადეების მიხედვით. მონიტორინგი განხორციელდა როგორც თემატიკის მრავალფეროვნების კუთხით, ასევე - შეფასდა ე.წ. გადაფარვის პროცენტი. კერძოდ: რამდენად ემთხვეოდა ერთმანეთს კვლევის პერიოდში სამ ჯგუფად ჩამოყალიბებული ტელეკომპანიების თემატიკა.
პირველი ჯგუფი - საზოგადოებრივი არხი, რუსთავი 2, იმედი; მეორე ჯგუფი _ მაესტრო და კავკასია; მესამე ჯგუფი _ საზოგადოებრივი არხი და კავკასია.
კვლევამ საკმაოდ საინტერესო შედეგები გამოავლინა. მაგალითად:
• შესასწავლ პერიოდში მოამბე გამოირჩეოდა ყველაზე მეტი თემის გაშუქებით, როგორც ჯგუფში, ისე მთლიანად. საშუალოდ, საზოგადოებრივი არხის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ მოამბემ გააშუქა 20 თემა დღეში, აქედან საშუალოდ დღეში 14 თემა მიუძღვნა ნაციონალურ მოვლენებს;
• რუსთავი2-ის მთავარ გამოშვებაში _ კურიერის შემთხვევაში, გაშუქებული თემების საშუალო მაჩვენებელი იყო დღეში 14 თემა მთლიანად და 11 თემა ნაციონალურ თემატიკაზე.
• „მაესტროს” ახალი ამბებმა” (მთავარმა გამოშვებამ) დღეში, საშუალოდ,ასევე 14 თემა გააშუქა. აქედან საშუალოდ დღეში 11 თემა მიუძღვნა ნაციონალურ მოვლენებს.
• იმედის საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ" დღეში (მთავარ გამოსვებაში) საშუალოდ 13 თემა გააშუქა, აქედან 10 ნაციონალურ საკითხებს მიეძღვნა.
• ტელეკომპანია კავკასიის მთავარ გამოშვებაში ”დღეს” გაშუქებული თემების საშუალო მაჩვენებელი იყო დღეში 11 თემა მთლიანად და 10 თემა ნაციონალურ თემატიკაზე.
კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ:
სამი არხის (საზ. მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) წამყვანი საინფორმაციო გამოშვებების მიერ გაშუქებულ თემებში უფრო მეტია საერთო თემები, ვიდრე კავკასიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წყვილის, ან თუნდაც კავკასიისა და მაესტროს წყვილის შემთხვევაში. თუმცა დამთხვევების საშუალო მაჩვენებელი ამ სამი არხის შემთხვევაში 33 პროცენტს არ აჭარბებს.
ამასთან, გასაანალიზებელი პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე ამ პირველ და მეორე ჯგუფებში მთავარი გამოშვებების თემატიკის დამთხვევა ნახევარს აღემატებოდა და 60 პროცენტსაც აღწევდა. როგორც კვლევამ აჩვენა, თემატური დამთხვევები ყველა არხს შორის ეხებოდა ან მნიშვნელოვან კრიმინალს (ებრაელი ბიზნესმენების საქმე) ან ისეთ ნაციონალური მნიშვნელობის მოვლენის დროს, როგორიც იყო ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთის დავას.
ასევე, სამი არხი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2 და იმედი) ერთმანეთს ემთხვეოდა უფრო მეტად ისეთ თემებში როგორიცაა ხელისუფლების პოლიტიკა და კრიმინალი, ხოლო ორი არხი (მაესტრო, კავკასია) - ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის აქტივობები.
კვლევის მეთოდოლოგია, დეტალური შედეგები და დასკვნები იხილეთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
mdfgeo@gmail.com