დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EZXAR
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 19 სექ 2014

მედიის განვითარების ფონდი IMED 2014-ს მასპინძლობს

ტრადიციულ და ციფრულ მედიაში სიძულვილის ენის გამოწვევები, ასევე ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხები იყო განხილვის საგანი მედია ეთიკის საერთაშორისო დღეზე IMED 2014, რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) ორგანიზებით,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG)პარტნიორობით, 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვატო აბაშიძემ და UNAG/USAID-ის პროგრამის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში (ANI)" წარმომადგენელმა რამაზ აფციაურმა მიმართეს.

პირველი პანელი მედიის თვითრეგულირებას და კამპანიის "არა ფობიას!" ფარგლებში ანტიდისკრიმინაციული აქტივობების საკითხებს დაეთმო. რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის წარმომადგენელმა გოგი გვახარიამ სემინარის მონაწილეებს ის სარედაქციო გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ბლოგერებმა რადიოს ვებ-პლატფორმაზე უნდა დაიცვან.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენელმა ისაუბრა კიბერ შეტევებსა და საქართველოში მონაცემთა დაცვის მხრივ არსებულ გამოწვევებზე. სამოქალაქო აქტვისტებმა კი სოციალურ ქსელებში პირადი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელების პრობლემასა და ინდივიდის პირადი ცხოვრების დაცვის მხრივ არსებულ მექანიზმებზე გაამახვილეს ყურადღება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს იმიტირებული პროცესი, რომელიც სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ საჩივარს შეეხებოდა.

ღონისძიების ფორმატში გაიმართა ტოლერანტობის პრიზით ბლოგერების, ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების დაჯილდოვება, წიგნის "მედია ეთიკა და პროფესიული სტანდარტები", ასევე "არა ფობიას!" კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლიპების პრეზენტაცია.

ღონისძიებას მედიის, აკადემიური სფეროს, არასამთავრობო სექტორის, მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ყოველწლიური IMED-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედია პროფესიონალების, ITექსპერტების, ბლოგერების, სტუდენტების და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზება ეთიკურ დილემებზე მსჯელობის მიზნით.

საქართველო წელს პირველად შეუერთდა ამ საერთაშორისო ფორმატს.

2011 წლის IMED-ის შემდეგ, როდესაც ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან 300 ადამიანი მონაწილეობდა, მისი პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. 2013 წელს მასში 32 ქვეყნიდან 800-ს ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. IMED 2014 წელს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ერთდროულად 19 სექტემბერს გაიმართა. 

უკან