ქცევის კოდექსი
6 ივნისს, ფრანტლაინ კლუბში „მედიის
განვითარების ფონდმა" კვლევის "სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო
სააგენტოებს შორის" წინასწარი
შედეგები გამოაქვეყნა.
არსებული
მონაცემების თანახმად, სამინისტროების უმეტესეობაში (18-დან 13 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დამკვიდრებული
პრაქტიკაა საინფორმაციო სააგენტოებისთვის
ანაზღაურების გადახდა ისეთი მომსახურებისთვის, როგორიცაა დამკვეთის მოთხოვნის
შესაბამისად მათი საქმიანობის გაშუქება და მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება,
რისთვისაც 2013-2014 წელს სააგენტოებმა 254 ათას 774 ლარი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს.
გაწეული
მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სააგენტო „ინტერპრესნიუსმა"
(შპს „ახალი ამბები") 101 ათას 540 ლარი 11 სამინისტროსა და მთავრობის
კანცელარიიდან მიიღო, სააგენტო GHN-მა - 48 ათას 690 ლარი. 2013-2014 წლებში PIA-ს
(შპს „პირველი") 5-მა სამინისტრომ 43 ათას 34 ლარი გადაურიცხა, For.ge-ს კი - 41
ათას 330 ლარი. შედარებით ნაკლები თანხმა მიიღეს სხვა სააგენტოებმა.
მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, სააგენტოების მსგავსი
მომსახურებით არ სარგებლობენ იუსტიციის,
განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, ფინანსთა და რეგიონალური განვითარების
და ინფრასტუქტურის სამინისტროები.
მედიის
განვითარების ფონდმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, გადახედოს
დაფინანსების არსებულ პრაქტიკას და გამჭვირვალე გახადოს პროცესი, ასევე
საინფორმაციო სააგენტოებს, ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ სარედაქციო და
სარეკლამო მასალები.
კვლევის
პირველ ეტაპზე „მედიის განვითარების ფონდმა" ინფორმაცია 19 სამინისტროდან და
სახელმწიფო კანცელარიიდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში
(10 სამუშაო დღე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გასცა, რაც
ორგანიზაციამ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა.
შემდეგ კვლევაში
„მედიის განვითარების ფონდი" სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან სხვა ტიპის მედია
საშუალებებში რეკლამის, მათ შორის ფარული რეკლამისა და დასპონსორებული გადაცემების
საკითხის ანალიზს გეგმავს.