ქცევის კოდექსი
მედიის
განვითარების ფონდი - MDF, საქართველოს დემოკრატიული ინიცატივა - GDI, ტოლერანტობისა
და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის
ცენტრი - EMC ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართავენ.
ორგანიზაციები 26 ნოემბერს გასულ გადაცემა "ნანუკას შოუში", რომელიც იეჰოვას
მოწმეთა მიმართ დისკრიმინაციულ გამოხატვას შეიცავდა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დებულებათა
დარღვევის ფაქტების შესწავლას და განხილვას ითხოვენ.
საჩივრის
ავტორები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ გადაცემას ტელეკომპანიის მენეჯმენტის მხრიდან
გამოხმაურება და ბოდიში მოჰყვა, რაც პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გამოხატულებაა,
მაგრამ ამავე დროს აღნიშნავენ: "იმისათვის,
რომ არ მოხდეს მსგავსი ინციდენტების მხოლოდ უნებლიე შეცდომად და გარე სტუდიის პასუხისმგებლობის
საკითხად აღქმა, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევის თვითრეგულირების ფორმატში, მაუწყებელთა
ქცევის კოდექსის საფუძველზე განხილვა და პასუხისმგებლობების სრულფასოვანი გააზრება."
ვინაიდან
კოდექსის მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება, დოკუმენტის 1.3 მუხლის თანახმად, თავად მაუწყებელს
ეკისრება და არა ამა თუ იმ სუბიექტს, ვინც მაუწყებლის დაკვეთით ქმნის გარკვეულ შინაარსს,
ორგანიზაციები შემდეგი რეკომენტაციით მიმართავენ რუსთავი 2-ს: "მაუწყებელთა
ქცევის კოდექსის ეფექტიანი დანერგვის მიზნით, გარე სტუდიებთან დადებულ
ხელშეკრულებებში ასახოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დებულებათა დაცვის
ვალდებულება, რაც მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობს ხელს".
ამასთანავე
საჩივარში მითითებულია ქცევის კოდექსის სხვა მუხლების დარღვევის მაგალითები:
"ნეგატიურ კონტექსტში იეჰოვას მოწმეთა
არაერთგზის მოხსნების გარდა, წამყვანმა გამოხატა პირადი დამოკიდებულება, როდესაც
მრწამსის შეცვლის საკითხი, რაც ინდივიდუალური არჩევანია, პოზიტურად შეაფასა
("მე მეშინია მაგათი... კარგი ქენით, რომ წამოხვედით")", -
აღნიშნულია საჩივარში და მითითებულია, რომ ეს გარემოება საავტორო გადაცემის
წამყვანისთვის დადგენილი კოდექსის 17.2 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
საჩივრის
ავტორთა აზრით, ასევე დარღვეულია სამართლიანი მოპყრობის პრინციპი (მუხლი 21):
"როდესაც რესპონდენტი მედიას სხვა ჯგუფზე
თავხდასხმისთვის იყენებს, წამყვანმა არათუ არ უნდა გაამძაფროს ნეგატიური
განწყობები და უპირობოდ გაიზიაროს მისი შეხედულებები, არამედ ოპონირება გაუწიოს
მას, მით უფრო, როდესაც საქმე მგრძნობიარე ჯგუფს ეხება და ამ კონტექსტში არასწრულწლოვანიც
არის მოხსენიებული".
ორგანიზაციები
რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანოს კოდექსის 31, 32, 33 მუხლების დარღვევის
შესწავლასაც თხოვენ, რაც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის
საკითხების გაშუქებას არეგულირებს და რომელთა მიზანია, მედიამ ხელი არ შეუწყოს
სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და არ წაახალისოს შეუწყნარებლობა განსხვავებული
იდენტობის ადამიანების მიმართ.