ქცევის კოდექსი
ტელეკოპმანია "იმედის" ეთერში, 25 დეკემბერს, გადაცემაში "სხვა რაკურსით" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით "მედრესეში მიბარებული ბავშვები" სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა.
ორგანიზაციები - ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა, მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი გადაცემაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ხუთი მუხლის (14. 9, 18. 2, 33. 1 - 2, 44. 1, 47.11) დარღვევის ფაქტს ასაჩივრებენ.
საჩივრის თანახმად, ჟურნალისტი მთელ სიუჟეტში ავითარებს აზრს, თითქოს ქობულეთში მოქმედ მუსლიმ მოსწავლეთა პანსიონში მშობლები შვილებს სასწავლებლად არა რელიგიური მრწამსის, არამედ სოციალური სიდუხჭირის გამო აგზავნიან, რაც "რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას" (მუხლი 33.1), ასევე "უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას" წარმოადგენს და ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას (მუხლი 33.2).
რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის გარდა, საჩივრის ავტორები ბავშვთა უფლებების დარღვევაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც სოციალური პრობლემის საილუსტრაციოდ არასრულწლოვანთა გამოყენებაში გამოიხატება. "სიუჟეტის დასაწყისში პრობლემის საილუსტრაციოდ ჟურნალისტს მოყვანილი ყავს 13 წლის გოდერძის და ჯემალის მაგალითები. არ არის დაფარული არც პანსიონის სხვა მოსწავლეთა სახეები, რომელთაც ჟურნალისტი სოციალური გაჭირვების გამო მედრესეში გაგზავნილ მოზარდებად წარმოაჩენს", - აღნიშნულია საჩივარში.
დარღვეულია მაუწყებელთა ქცევის 47(11)-ე მუხლი, რომლის თანახმად, "აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს;" ასევე 44-ე (1) მუხლი, რომლის მიხედვითაც, "მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად."
საჩივრის ავტორები ასევე ყურადღებას ამახვილებენ სიზუსტის და მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაზე, რის საილუსტრაციოდაც მოყვანილია გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ხელმძღვანელის კომენტარი "ღრმა და მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების" პრობლემაზე, რასაც ჟურნალისტი სრულიად სხვა კონტექსტში ციტირებს და კერძო რელიგიური პანსიონების თემას დაუსაბუთებლად უკავშირებს.
"ჟურნალისტის შეფასებაში ექსკლუზიურად მხოლოდ მუსლიმანურ პანსიონებზეა საუბარი მაშინ, როდესაც ანალოგიური ტიპის დაწესებულებები სხვა კონფესიების ეგიდითაც ფუნქციონირებენ", - აღნიშნულია საჩივარში, რომელიც ყურადღებას კოდექსის მე-18. 2 მუხლის დარღვევაზე ამახვილებს. კერძოდ: "პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს."
სამმა არასამთავრობორ ორგანიზაციამ ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით 31 დეკემბერს მიმართა.