ქცევის კოდექსი
30
მარტს მედიის განვითარების ფონდმა, MDF, ტოლერანტობისა
და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, TDI და ჟურნალმა "17 მაისი" საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართეს. საჩივარი 1 მარტს "პალიტრა TV"-ის
პორტალზე "ევრაზიული ინსტიტუტის" წარმომადგენლის, არჩილ ჭყოიძის ჰომოფობიური
განცხადების განთავსებას ეხება.
ჭყოიძემ
ჰომოფობიური განცხადებები ტელეკომოპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა,
რაც მომჩივანთა აზრით, არ ათავისუფლებს "პალიტრა TV"-ს მისი შემდგომი ტირაჟირების
პასუხისმგებლობისგან.
"აქ
ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებები და ისეთი ვითარება,
როდესაც მედია დისკრიმინაციული ხასიათის ჩანაწერის გავრცელებას ახდენს, თანაც ისე,
რომ არ უთითებს იმ გარემოებას, რომ თანამედროვე სამყაროში ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად
არ ითვლება. უფრო მეტიც, რედაქცია გარკვეულწილად იზიარებს რესპონდენტის პოზიციას, როცა
მისი ჰომოფობიური სიტყვები - "ჰომოსექსუალიზმი არის დანაშაული და ავადმყოფობა
როგორც სულის, ასევე ხორცის" - სათაურში გამოაქვს,"- აღნიშნულია საჩვარში.
განმცხადებლები
მიიჩნევენ, რომ "პალიტრა TV-მ" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პუნქტი
დაარღვია, რომლის მიხედვითაც, "ჟურნალისტს
უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი
უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების,
ეროვნულიან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".
არასამთავრობო
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული განცხადებების
გავრცელებით "პალიტრა TV"-მ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის (31,32,33) მუხლებიც დაარღვია.