დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AWUOE
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 11 ივნ 2015

სასამართლომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ-ის მედიისთვის გადარიცხული 1 043 845 ლარის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება დაავალა

11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე შოთა გეწაძე) მედიის განვითარების ფონდის (MDF) სარჩელი დააკმაყოფილა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ-ის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს - ინფორმაციის გასაჯაროვება დაავალა.

მედიის განვითარების ფონდი სასარჩელო განცხადებით, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის სტუდენტების მიერ არის მომზადებული, სააგენტოს მიერ 2013-2014 წლებში მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის სრულად გასაჯაროვებას ითხოვდა; ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რომლითაც მოსარჩლეს ინფორმაციის სრულყოფილად გაცემაზე უარი იმ მოტივით ეთქვა, რომ სააგენტო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს წარმოადგენდა, ხოლო მედიაში გადარიცხვები საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული არ იყო.

საქმის არსებითი განხილვის პროცესში მოსარჩლე მხარის წარმომადგენლებმა ანი  ხოჯელანმა და ნინო სიხარულიძემ ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით არის დაფუძნებული და ამდენად, მასზე ინფორმაციის გასაჯაროვების ვალდებულება ვრცელდება. მოსარჩლე მხარის მიერ ასევე აპელირება ხდებოდა სააგენტოს მიერ დამზადებულ სარეკლამო ვიდეო რგოლებზე, რომელთა შინაარსი (სახელმწიფოს სახელით განხორციელებული პროგრამები „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა" „აგრობარათი" და სხვები) ადასტურებდა არგუმენტს, რომ ხელისუფლების სახელით განხორციელებული  საინფორმაციო კამპანია მის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ტარდებოდა.


ანი ხოჯელანმა მოსარჩლე მხარის მოთხოვნის დასაბუთების დროს ასევე წარმოადგინა საერთაშორისო სამართლის, სხვადასხვა ევროპული და ამერიკული ქვეყნების პრაქტიკის მიმოხილვა ინფორმაციის საჯაროობის სტანდარტებთან დაკავშირებით.

მოსამართლე შოთა გეწაძემ გაიზიარა მოსარჩლე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტო თავისი ფუნქციებით საჯარო სამართლის უფლებამოსილების მატარებელია, რაც მას საჯარო ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს. მოპასუხეს - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს  მოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა დაეკისრა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 2014 წლის 1 დეკემბერს მოწოდებული არასრულყოფლი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2013-2014 წლებში სააგენტოს მედია საშუალებებისთვის სულ 1 043 845,57  ლარი აქვს გადარიცხული. საპასუხო წერილში ასევე მითითებულია მედია საშუალებები და სარეკლამო სააგენტოები, რომელთაც აღნიშნული თანხა გადაერიცხათ, თუმცა არ არის მოწოდებული შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ მედია საშუალებებზე და რა მიზნით გაანაწილეს სარეკლაო სააგენტოებმა აღნიშნული თანხა. 

მედია საშუალებები

ინფო 9, ახალი ამბები - IPN, ჯეოჰოტნიუსი -GHN, პირველი,  bpn, palitratv.ge, გაზეთები: რეზონანსი,  ალია და კვირის ქრონიკა, კვირის პალიტრა, პრაიმ თაიმი, გურია ნიუსი (ჩოხატაურის მაცნე), Financial - ინტელიჯენს გრუპი, ორიონ ყალაბეგაშვილი" (სპექტრი).

მედია გაერთიანებები

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია,

კომპანიები

მედია პორტი, MGI studio, UM Georgia, სტუდიო 123, კორ პროდაქშენი

MDF-ს  სამართლებრივ დახმარებას თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI უწევდნენ.


უკან