დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZZAWN
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 13 ივლ 2015

პოლიტიკის ფორუმი ევროინტეგრაციის საკითხებზე

10 ივლისს, ACCESS-ის პროექტის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკის ფორუმზე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ანალიტიკურმა ცენტრებმა, ბიზნეს გაერთიანებებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული აქცენტი ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით კომუნიკაციისა და კოორდინაციის ნაკლებობაზე, ხელისუფლების მხრიდან არაკოორდინირებულ და ხშირად ურთიერთგამომრიცხავ მესიჯებზე, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების ნაკლებობაზე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივების მოსალოდნელი შედეგების წინასწარი შეფასების პრაქტიკის არარსებობაზე, მტკივნეული რეფორმების ევროკავშირისთვის „გადაბრალებაზე", საჯარო სექტორში არასაკმარის ექსპერტიზასა და ცოდნაზე და სხვა სირთულეებზე გააკეთეს.

დისკუსია, რომლის სათაური „ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მართვა: როგორ მივიდეთ დასახულ მიზნამდე" იყო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), მედიის განვითარების ფონდის (MDF) და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) - წარმომადგენლების მოკლე გამოსვლებით დაიწყო.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ ყარაულაშვილი მიესალმა დიალოგს არასამთავრობო სექტორთან. მან დეტალურად ისაუბრა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კოორდინაციის სამთავრობო ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მექანიზმებზე. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აუდიტორიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც გულისხმობს სექტორული უწყებების მიერ გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებას და მთავრობის ადმინისტრაციაში საკანონმდებლო ინიციატივების ასოცირების შეთანხმებასთან თავსებადობის შემოწმების პრაქტიკის დანერგვას, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების უფრო შეუფერხებელ იმპლემენტაციას.

EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ, პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ გაჩენილ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციას – ექსპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილის 30%-მდე ზრდას გაუსვა ხაზი, შემდეგ კი პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია, თუ როგორ ხდება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა და ტარდება თუ არა ანალიტიკური კვლევები იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე ხელისუფლების მიერ ინიცირებული ახალი რეგულაციები. ნინო ევგენიძემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია არსებობდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანი დიალოგი სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა მედიაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ფობიებისა და ირაციონალური გზავნილების ტირაჟირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ასეთი ტენდენცია ნაციონალურ მაუწყებლებში ნაკლებად (თითქმის არ) იკვეთება, თუმცა ანტიდასავლური პროპაგანდა ხშირია ცალკეულ კერძო მაუწყებლებსა და პრესაში. მეინსტრიმულ მედიაში რჩება სიღრმისეული გაშუქების პრობლემა –– შინაარსობრივი ინფორმაციის, პოზიტიური იმიჯების და პრაქტიკული მესიჯების ნაკლებობა. კინწურაშვილის თქმით, მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცდილობს, გააუმჯობესოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, თუმცა მხოლოდ ამ სამინისტროს ძალისხმევა საკმარისი არ არის. საჭიროა კომუნიკაციის საკითხისამდი კონსოლიდირებული მიდგომა მთელი სახელისუფლებო სპექტრის მხრიდან.

GRASS-ის თანადამფუძნებლის, სერგი კაპანაძისგან დისკუსიის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმების კუთხით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე და საქართველოში მათი გამოყენების შესაძლებლობაზე. სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნები ევროპული ინტეგრაციის პროცესში კოორდინაციის სხვადასხვა მოდელს იყენებდნენ (მაგ. უნგრეთში საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო უფრო აქტიური, პოლონეთში კი - ევროინტეგრაციის კომიტეტი), რაც უფრო უახლოვდებოდნენ აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირს, მით უფრო ცენტრალიზებული ხდებოდა სახელმწიფოს მიდგომები (მათ შორის, შიდა კოორდინაციის სისტემა) და გადამწყვეტ როლს პრემიერ-მინისტრის აპარატი იძენდა. გარდა ამისა, ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფართო პოლიტიკური სპექტრის და პირველ რიგში, ხელისუფლების მყარად დასავლურ ვექტორს.

დიკუსიის ნაწილში ყველაზე აქტუალურ პრობლემად მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია გამოიკვეთა. მონაწილეთა აზრით, ეს პრობლემა საქართველოს რეგიონებში და განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ყველაზე მწვავედ ვლინდება. მონაწილეთა დაკვირვებით, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმების შინაარსის, მისი განხორციელების სარგებლის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ; კომუნიკაციის დროს ნაკლებად კეთდება აქცენტი საერთო (ევროპულ) ღირებულებებზე; ზოგ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს გადაჭარბებული მოლოდინებიც.

კიდევ ერთ მწვავე პრობლემად DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესში სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის ნაკლებობა და არაეფექტური მართვა დასახელდა. მონაწილეთა შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა უფრო სწრაფად, კოორდინირებულად და აქტიურად უნდა იმოქმედონ ქართველი მეწარმეებისა და უცხოელი ინვესტორების დასახმარებლად, რათა მათ უკეთ შეძლონ DCFTA-ის შესაძლებლობების რეალიზება.

დისკუსანტებისა და მომხსენებლების მხრიდან ასევე ხშირად ისმოდა კითხვები ხელისუფლების მიერ ამა თუ იმ რეგულაციის მიღების დროსა და შინაარსთან დაკავშირებითაც (მაგ. მიგრაციის კანონი, მიწის საკუთრება, რეკლამა, თამბაქოს და ლუდის აქციზი, საბანკო ზედამხედველობა). გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია რეგულარულად ხდებოდეს საკონონმდებლო ინიციატივების წინასწარი (ex ante) ანალიზი, და ამ მიზნით, დროულად განხორციელდეს პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული რეფორმების სტრატეგია, მათ შორის, საკონონმდებლო ინიციატივების ეკონომიკური გავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment) დანერგვა. აუცილებელია, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი, მაგრამ ასოცირების პროცესისგან განყენებული რეფორმების გატარება და მათი ასოცირების შეთანხმებით გამართლება ნეგატიურ განწყობებს აღვივებს მოსახლეობაში.

დისკუსიის დროს გამოთქმულ ძირითად დებულებებს ACCESS–ი ერთიან დოკუმენტში შეაჯამებს და მათ შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებს გაუგზავნის. დოკუმენტი ასევე განთავსდება ACCESS-ის ვებ-გვერდზე.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში დაგეგმილია მსგავსი ფორმატის ფორუმების რეგულარულად გამართვა. ACCESS-ის მიზანია ქართული ანალიტიკური ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, რათა მათ განახორციელონ სახელმწიფო პოლიტიკის აქტუალური საკითხებისა და პროცესების ეფექტიანი მონიტორინგი და ანალიზი, და შეძლონ მათზე გავლენის მოხდენა.

უკან