დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
DJAWO
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 17 დეკ 2015

კვლევა: ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

შესავალი

ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი -MDF ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალსტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება მედია შინაარსის მონიტორინგი, რომლის მიზანია ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის აღწერა და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებელი ფაქტობრივ მონაცემთა ბაზის შექმნა.

რიგით მეორე ანგარიში წარმოადგენს ერთთვიანი დაკვირვების მთავარ მიგნებებს, რომელიც 2015 წლის 1-30 ნოემბერს ხორციელდებოდა.

მეთოდოლოგია

მონიტორინგის სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS.
მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩნენ ის ტელეკომპანიები, რომლებიც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომავი კომპანია "ტი-ვი-ემ-არის" რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არიან და ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამები აქვთ. შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მედიის მფლობელობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები, რომლებიც ტელეარხების პოლიტიკურ თუ ფინანსურ კავშირებს შეეხება და განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის იდენტიფიცირებისთვის დაშვების შესაძლებლობას იძლევა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ შერჩეულ ტელეკომპანიებს არც თანაზომადი გავრცელების არეალი, არც ადამიანურ-ფინანსური რესურსები აქვთ, რაც პროგრამულ მრავალფეროვნებაზე აისახება, თუმცა კვლევის მიზანი უფრო შინაარსობრივი მხარის საფუძველზე ტენდენციის ჩვენებაა, ვიდრე რაოდენობრივის.

ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების სარედაქციო პოლიტიკის შესწავლა ხორციელდება პრაიმ-ტაიმის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე ყოველდღიური დაკვირვების გზით, შაბათ-კვირის გამოკლებით. ეს გადაცემებია: კურიერი, რუსთავი 2 (21 სთ-ზე), ქრონიკა, იმედი (20 სთ-ზე), მოამბე, საზოგადოებრივი მაუწყებელი (20 სთ-ზე), კონტაქტი რვაზე, მაესტრო (20 სთ-ზე), ფოკუსი, ტაბულა (19 სთ-ზე), 20/30, GDS (20:30 სთ-ზე).

კვლევა ტარდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მეთოდით. დაკვირვების საგანია დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პრიორიტეტული თემები, რისი ანალიზიც ხდება პირველ და მეორე ბლოკში მთავარი თემების შერჩევით, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების ფორმატის მიხედვით (სიუჟეტი, კადრ-სინქრონი, ბადეში განთავსება). საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, სადაც საინფორმაციო გამოშვება არ არის გამიჯნული სარეკლამო ან შიდა ანონსის ტიხრით (მოამბე), გამიჯვნა პირობითი წუთობრივი ნიშნით (პირველ 15-20 წთ-იანი ინტერვალი) ხდება. სარედაქციო პოლიტიკის შეფასება იმ გამოტოვებული თემების იდენტიფიცირების გზითაც ხდება, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია. თვისობრივი ანალიზისას ხდება მსგავსებების და განსხვავებების იდენტიფიცირება და იდენტური საინფორმაციო პოლიტიკის მქონე მედიების შედარება.

არხების საინფორმაციო გამოშვებების შედარება თემატური ბადეების მიხედვით ხდება. დათვლის დროს გამოტოვებულია ამინდი, საერთაშორისო ამბები (თუ საკითხი არ ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და შიდანაციონალურ თემატიკას), კულტურა და სპორტი (თუ საქმე არ ეხება კულტურის ან სპორტის სფეროში რაიმე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ მოვლენას და გაშუქებულია მხოლოდ კულტურული ან სპორტული მოვლენა).

1-30 ნოემბრის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

მსგავსი პრიორიტეტული თემები

საინფორმაციო ბადეში განთავსების მხრივ, მონიტორინგის ფარგლებში განხილული საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემების მხოლოდ 7% დაემთხვა ერთმანეთს. კერძოდ, ყველა საინფორმაციო გამოშვების ნოემბრის პრიორიტეტულ თემებს შორის მოხვდა რუსთავი 2-ის საქმე და მის გარშემო მიმდინარე პროცესები; აგრეთვე, უკრაინულ საიტზე გავრცელებული ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და მათი გარემოცვის ფარული აუდიო ჩანაწერები.

საინფორმაციო ბადის აწყობის მხრივ, ყველაზე მეტად პრიორიტეტული თემების მსგავსება გამოიკვეთა ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და ტაბულას შორის. უმეტესად აღნიშნული ორი ტელეკომპანია ანიჭებდა უპირატესობას საერთო ან მსგავს თემებს. ხშირ შემთხვევაში, თემების რიგითობაც ემთხვეოდა ერთმანეთს. მაგალითად, 13 ნოემბერს, მხოლოდ რუსთავი 2-მა და ტაბულამ, ორივე ტელეკომპანიამ რიგით მესამე სიუჟეტად გააშუქა რუსთავი 2-ის მხარდამჭერების პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეზოლუცია.

 ინფორმაციის ბადეში განთავსების თვალსაზრისით, სხვა საინფორმაციო გამოშვებებთან შედარებით, განსხვავებული ტენდენცია აჩვენა იმედის „ქრონიკამ" და მაესტროს „კონტაქტმა". ამათგან, ტელეკომპანია მაესტრო არა მხოლოდ პრიორიტეტული თემების, არამედ რიგ შემთვევებში, საინფორმაციო ბადეში განსხვავებული თემების განთავსებით გამოიკვეთა. მაგალითად, 11 ნოემბერს, როდესაც ყველა საინფორმაციო გამოშვების პრიორიტეტული თემა რუსთავი 2-ის საქმე იყო, მაესტროს პირველი სიუჟეტი 31 ოქტომბერს ჩატარებული საგარეჯოს შუალედური არჩევნების შეფასებას ეხებოდა. აღნიშნული საკითხი დღის მთავარ თემას არ წარმოადგენდა და შესაბამისად, სხვა ტელეკომპანიების მხრიდან, მისთვის პრიორიტეტის მინიჭებას ადგილი არ ჰქონია. მეტიც, საგარეჯოს შუალედური არჩევნები, შეფასების კუთხით, ამ დღეს მხოლოდ მაესტრომ გააშუქა. ამასთან, 11 ნოემბერს ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული თემების უმეტესობა სხვა საინფორმაციო გამოშვებების მიერ გაშუქებულ თემებს არ ემთხვეოდა. 
                 ცხრილი #1. 11 ნოემბრის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებები



პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია

რამდენადაც მონიტორინგის შედეგად დადგინდა, ტელეკომპანიები საინფორმაციო ბადის უმეტეს ნაწილს პოლიტიკურ თემებს უთმობდნენ. საერთო თემატიკაში 4 ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა: 1. მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტების გაშუქება, რაც მთავრობის არაეფექტურ მუშაობას, უარყოფითი ტონის საერთაშორისო შეფასებებს, ცალკეული მოქალაქეების მიერ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში დადანაშაულების ფაქტებს, ან თანამდებობის პირის უხამსი ქმედებების გაშუქებას გულისხმობდა; 2. ხელისუფლების საქმიანობა, რაც ხელისუფლების ეფექტური მუშაობის, ვიზიტების, შეხვედრების, დადებითი საერთაშორისო შეფასებების, კვლევებისა და ანგარიშების გაშუქებას გულისხმობდა; 3. ოპოზიციის კრიტიკა, რაც უმეტესწილად, ერთი კონკრეტული პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტებით შემოიფარგლებოდა; და 4. ოპოზიციის საქმიანობა.


ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები

  • მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები ყველაზე დიდი რაოდენობით ორი ტელეკომპანიის - რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში შუქდებოდა. უმეტეს შემთხვევაში, სიუჟეტები ეხებოდა ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობასა და მის მიმართ გამოთქმულ პროტესტს. მაგალითად, 30 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა რიგით პირველ სიუჟეტად, ხოლო მაესტრომ - მესამე სიუჟეტად გააშუქეს უფასო სასადილოების თემა, რომელსაც საფუძვლად თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის განცხადება დაედო. ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაერკვიათ, ნამდვილად აკმაყოფილებდა თუ არა სოციალურად დაუცველთათვის გამოყოფილ 1.18 თეთრად მიწოდებული საკვების კალორაჟი ადამიანის დღიურ მოთხოვნილებას. მიუხედავად მერიის წარმომადგენლების განცხადებებისა, რომელთა თანახმად, უფასო სასადილოების მენიუ მოთხოვნების სრული გათვალისწინებით იყო შედგენილი, სიუჟეტებში ბენეფიციარები არა მხოლოდ საკვების სიმცირეს, არამედ მის ხარისხსაც აპროტესტებდნენ, ხოლო სპეციალისტები მის შეცვლასა და ოდენობის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობდნენ.
  •  ტელეკომპანიები: იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტაბულა, თითქმის ერთი და იგივე ინტენსივობით აშუქებდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს, ხოლო რაც შეეხება GDS-ს, მის ეთერში მოქმედი ხელისუფლების კრიტიკა ყველაზე ნაკლებად შუქდებოდა.
 
ხელისუფლების საქმიანობის გაშუქება

  •  ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ლიდერობდა და უმეტესად სახელისუფლებო ვიზიტებს, შეხვედრებსა და მთავრობის ეფექტური მუშაობის ამსახველ სიუჟეტებს აშუქებდა. მაგალითად, 3 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სრულად აღდგენა. აღნიშნული საკითხი სხვა ტელეკომპანიების მიერ საერთოდ არ გაშუქებულა.
  •  რიგით მეორე, ხელისუფლების საქმიანობის გაშუქების თვალსაზრისით, ტელეკომპანია რუსთავი 2 აღმოჩნდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, აღნიშნული სიუჟეტების უდიდესი ნაწილი საგარეო ვიზიტებსა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის მუშაობაზე ჰქონდა გაშუქებული. რიგით მესამე, მოცემული თემის გაშუქების მხრივ, ტელეკომპანია მაესტრო იყო, მას ტაბულა, იმედი და GDS-ი მოსდევდა.
  •  აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო შეფასებების ნაწილში, ერთი და იგივე თემა შეიძლებოდა გამხდარიყო ერთის მხრივ, კრიტიკის შემცველი, ხოლო მეორეს მხრივ, ნეიტრალური გაშუქების საგანი. მაგალითად, 26 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქდა სიუჟეტები ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვის შესახებ. ერთი და იგივე თემა, თუმცა, სხვადასხვა კუთხით, გააშუქეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მესამე სიუჟეტით და რუსთავი 2-მა - მეექვსე სიუჟეტით. კერძოდ, რუსთავი 2-ის სიუჟეტის თანახმად, სტრასბურგში გამართულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ შერჩევით სამართალზე, მედია და პოლიტიკურ პლურალიზმზე ისაუბრეს, ერთ-ერთმა გამომსვლელმა სტალინის ფოტო დახია და აღნიშნა, რომ საქართველო ემიჯნება საბჭოთა წარსულს, ხოლო მეორემ - ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებზე ისაუბრა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში კი სხდომა მხოლოდ ნაწილობრივ იყო გაშუქებული და მასში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა არ მოხვდა, რაც, თავის მხრივ, ტენდენციური გაშუქების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.
ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები

  •  ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტების რაოდენობის მხრივ, GDS-ი ლიდერობდა. ამასთან, აღნიშნული სიუჟეტები ერთი კონკრეტული პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ შეიცავდა კრიტიკას. ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული ოპოზიციის კრიტიკის შემცველი სიუჟეტების წილი საინფორმაციო ბადეში, 6-ჯერ აღემატებოდა სხვა ტელეკომპანიების მიერ იგივე თემაზე გაშუქებული სიუჟეტების წილს, რომელიც თითქმის ერთი და იგივე მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი.
  •  რიგ შემთხვევებში, ტელეკომპანია GDS -ი მიმართავდა ყოფილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტებისა და მათი მმართველობის პერიოდის გახმაურებული საქმეების გამოძიების გაშუქებას. მაგალითად, GDS -ის ნოემბრის თვის საინფორმაციო ბადეში მოხვდა ისეთი თემები, როგორიცაა ციხის წამების ფაქტები, სადაც ყოფილი პატიმრები დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ; იგორ გიორგაძის მომხრეების მოთხოვნა ახალაია-მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების შესახებ, სადაც ისინი აპროტესტებდნენ 2005-2006 წლებში მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს; 2010 წლით დათარიღებული ოპერაცია „ენვერის" სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ყოფილი პატიმრების მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ისინი ბრალდებულის სტატუსის სამართლებრივი წესით მოხსნას ითხოვდნენ.

ოპოზიციის საქმიანობა
  •  რაც შეეხება ოპოზიციის საქმიანობას, ამ საკითხის ყველაზე ფართოდ გაშუქების მხრივ, ტელეკომპანია ტაბულა გამოიკვეთა. ტელეკომპანია კონკრეტული პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შედარებით ინტენსიური გაშუქებით გამოირჩეოდა. მაგალითად, მხოლოდ ტაბულამ გააშუქა აღნიშნული პარტიის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ. ტაბულას შემდეგი რიგითობით რუსთავი 2, GDS-ი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მაესტრო მოჰყვა, ხოლო ყველაზე ნაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის საქმიანობას ტელეკომპანია იმედი აშუქებდა.
განსხვავებული საინფორმაციო პოლიტიკა

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო პოლიტიკაში გამოიკვეთა:

 ტელეკომპანია მაესტროს მიერ გაშუქებული სიუჟეტები ხშირ შემთხვევაში დანარჩენი ტელეკომპანიების მიერ გაშუქებული სიუჟეტებისგან განსხვავდებოდა როგორც თემატური, ისე პრიორიტეტის მინიჭების თვალსაზრისით.

ყველაზე მკვეთრი განსხვავება 10 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებათა უმრავლესობის პირველი თემა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის გზავნილები იყო, ხოლო მაესტროს ეთერში აღნიშნული საკითხი მეათე რიგითობით გაშუქდა. ტელეკომპანიამ პრიორიტეტი „საქართველოს ბანკის" საინკასაციო მანქანიდან გატაცებული თანხის ამოღების გაშუქებას მიანიჭა.

                ცხრილი #2. 10 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებები 


აღსანიშნავია, აგრეთვე, ტელეკომპანიის 26 ნოემბრის გამოშვება, რომლის რიგით პირველი სიუჟეტი საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხს დაეთმო. ვიზიტი გაშუქდა ტელეკომპანიის ჟურნალისტის მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვისა და დუმის დეპუტატების კომენტარების დართვით, მაშინ, როდესაც სხვა ტელეკომპანიებს, გარდა იმედისა, აღნიშნული საკითხი ცალკე თემად არ გაუშუქებიათ. იმედმა მას მესამე ბლოკში მეთვრამეტე რიგითობა მიანიჭა და გადაფარვის სახით გააშუქა. სხვა საინფორმაციო გამოშვებების 26 ნოემბრის დღის მთავარ თემებს წარმოადგენდა ახალი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში წარდგომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 ფორუმი, რომელიც მაესტრომ მეცხრე რიგითობით, გადაფარვის სახით გააშუქა.
               
               ცხრილი #2. 26 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებები.


ცალკეულ შემთხვევათა განხილვა

ლექსიკით მანიპულირება

  •  აღსანიშნავია GDS-ის 2 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებაში დაფიქსირებული ლექსიკით მანიპულირების შემთხვევა. კერძოდ, ჟურნალისტმა სააკაშვილი-გვარამიას საუბრის ფარულ აუდიო ჩანაწერს შემდეგი შეფასება მისცა: „სააკაშვილის მიერ დაანონსებული სისხლისღვრა", მაშინ, როდესაც არც ჩანაწერების ავთენტურობა და არც მათი არსებობის კანონიერების საკითხი გარკვეული არ იყო. ამას გარდა, სიტყვა „დაანონსებული" თავისი არსით არ შეესაბამებოდა საკითხის ეთიკური სტანდარტების დაცვით წარმოჩენას.
  • ასევე, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ფაქტი, რომ 4 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემა ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება და მათში მონაწილე პირების დაკითხვა იყო. რუსთავი 2-მა ამ საკითხის გაშუქებისას იქვე დასვა როგორც ჩანაწერების ავთენტურობის, ისე მათი არსებობისა და გამოძიების დაწყების კანონიერების საკითხი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვების რიგით მეორე სიუჟეტი დაუთმო. საქმის აღძვრის კანონიერებით დაინტერესდა ტაბულაც. საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა სახელწოდებით „გამოძიება 315-ე მუხლით", რომლის პირველი ნაწილიც „შეთქმულების, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ან დამხობის" ბრალდებას გულისხმობდა.

დამოუკიდებელი თემები
  •  დამოუკიდებელი თემები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მიზნად ამა თუ იმ საკითხის ჟურნალისტური გამოძიების გაშუქებას ისახავდა, რუსთავი 2-ის, მაესტროსა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში მოხვდა. ამათგან, რუსთავი 2-ისა და მაესტროს ეთერში მოქმედი ხელისუფლების კრიტიკის, ხოლო GDS-ის - ყოფილი ხელისუფლების კრიტიკის შემცველი თემები გაშუქდა. ამას გარდა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში არაერთხელ გაშუქდა კონკრეტული პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები. მაგალითად, 24 ნოემბრის გამოშვებაში რუსთავი 2-ის რიგით მეხუთე სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, არკადი გაიდამაკის საქმეს ეხებოდა. წარსულში ბანკ „რასიისკი კრედიტის" ხელმძღვანელი, რომელიც 6 წლის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, საბოლოოდ ჩაბარდა მართლმსაჯულებას. მას ანგოლის დიქტატურისთვის რუსული იარაღის მიყიდვის ბრალდებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი. სიუჟეტში ოპოზიცია საუბრობდა „ანგოლა გეითსის" საქმესთან ივანიშვილის კავშირზეც. სხვა ტელეკომპანიებს აღნიშნული საკითხი შემდეგ დღეებშიც არ გაუშუქებიათ. თუმცა, თუ მასში ყოფილი პრემიერის შესახებ გაჟღებული ინფორმაციით ვისმჯელებთ, ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია და საკითხი შეიძლება არა დამოუკიდებელ, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ გამოტოვებულ თემად ჩაითვალოს.
  •  ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო ბადეში განთავსებული იყო, ხშირ შემთხვევაში, სიღრმისეულად გამოძიებული დამოუკიდებელი თემები რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე მზადდებოდა. რიგი სიუჟეტები შეიცავდა მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას და ეხებოდა ცალკეული თანამდებობის პირების მაღალ ანაზღაურებასა თუ მათ მიერ მიღებულ პრემიებს, დანამატებსა და არამიზნობრივ დანახარჯებს. მაგალითად, 20 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა სიუჟეტი სახელწოდებით „მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი მერიაში", რომელიც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლის ანაზღაურებას ეხებოდა. თანამშრომლის ვინაობა სიუჟეტში არ დასახელებულა, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ მისი ანაზღაურება მერის, დავით ნარმანიას ანაზღაურებას აღემატებოდა.
  •  ტელეკომპანია GDS-ის დამოუკიდებელ თემებზე მომზადებული სიუჟეტები უმეტესად ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას შეიცავდა და მის მიმართ უარყოფითად განწყობილი რესპონდენტების შეფასებებით იყო დაკომპლექტებული. აღსანიშნავია აგრეთვე, ტელეკომპანიის 9 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვების რიგით მეოთხე სიუჟეტი სახელწოდებით - პროფესია „მრბეველი", რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ბადრი ბასიშვილის რუსთავი 2-ის ეზოში გამართულ აქციაზე გამოჩენას ეხმაურებოდა. ვრცელი სიუჟეტის თანახმად, ბასიშვილი ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ორგანიზებას უწევდა საპროტესტო აქციების დარბევასა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას.


შენიშვნა: გამოტოვებული თემების დიაგრამაში შესულია მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემები.


გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემები
  •  შედარებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი თემების გამოტოვების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ტელეკომპანია GDS-ი გამოიკვეთა, რაც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საინფორმაციო გამოშვებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირეს, თუმცა ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს სარედაქციო პოლიტიკას, რომელშიც გარკვეული თავისებურება გამოიკვეთა. კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ გამოტოვებულ სიუჟეტებში სჭარბობს მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი სიუჟეტები, მიმდინარე კრიმინალური ინციდენტები და კონფლიქტური რეგიონების თემის ამსახველი სიუჟეტები. მაგალითად, GDS-ს არ გაუშუქებია პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც მწვავე შეფასებები მოჰყვა, როგორც მმართველი გუნდის ისე ოპოზიციის წევრებისგან. საზოგადოება მინისტრს აკრიტიკებდა განხადებაში გამოთქმული აზრის გამო, რომლის თანახმად, აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილა.
  • ტელეკომპანია ტაბულა ნაკლებად აშუქებდა სამთავრობო ვიზიტებს, რაც აგრეთვე, შესაძლოა, როგორც საჭირო რესურსის არქონასთან, ისე საინფორმაციო პოლიტიკასთან ყოფილიყო დაკავშირებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების საქმიანობის გაშუქებას, საინფორმაციო გამოშვება თავისი საინფორმაციო ბადის ყველაზე დიდ წილს უთმობდა.
  •  ტელეკომპანია მაესტროც უმეტესად ტოვებდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს, თუმცა, ეს ფაქტი საინფორმაციო პოლიტიკის ინდიკატორად ვერ გამოდგებოდა, რადგან მაესტროს ჰქონდა სრულიად განსხვავებული, უფრო სიღრმისეული სიუჟეტები, რომელიც, გარკვეულწილად, ხელისუფლების ან მისი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ კრიტიკის შემცველ საკითხებს აშუქებდა.
  •  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოტოვებულ მნიშვნელოვან საკითხებში გამოიკვეთა როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი, ისე მისი საქმიანობის ამსახველი თემებიც.
  •  ტელეკომპანია იმედიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, ტოვებდა როგორც როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველ, ისე მისი საქმიანობის ამსახველ თემებს. განსხვავებული ტენდენცია კი კონფლიქტური რეგიონების თემების გამოტოვებით აჩვენა.
  •  ყველაზე ნაკლებად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს ტელეკომპანია რუსთავი 2 ტოვებდა. გამოტოვებულ თემებში სჭარბობდა კონფლიქტური რეგიონები, კრიმინალი და თითქმის თანაბრად, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველი, ისე მისი საქმიანობის ამსახველი საკითხები.


მნიშვნელოვანი გამოტოვებული თემების თაიმლაინი


თემატური მრავალფეროვნება

  •  საინფორმაციო ბადის აწყობის თვალსაზრისით, ტელევიზიებმა მეტ-ნაკლებად განსხვავებული ტენდენციები აჩვენეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტულ თემატიკად პოლიტიკა, მედია და საგარეო ურთიერთობები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია ნაკლებად აშუქებდა სოციალურ თემებს და კონფლიქტურ რეგიონებს.
  •  პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და კრიმინალი ტელეკომპანია იმედის პრიორიტეტულ თემებში მოხვდა. გამოიკვეთა, რომ იმედი ნაკლებად აშუქებდა სასამართლოსა და სოციალურ თემატიკას .
  •  რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ის გაშუქებულ თემათა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა სხვა ტელევიზიებისგან. თუმცა, პრიორიტეტული თემა აქაც პოლიტიკა იყო. მას საგარეო ურთიერთობები და სასამართლო მოსდევდა, ხოლო მედია, კრიმინალი, კონფლიქტური რეგიონები და სოციალური თემები თანაბარი სიხშირით შუქდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტური რეგიონების თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია მაესტრო, სხვა ტელევიზიებთან შედარებით, უფრო ფართოდ აშუქებდნენ.
  •  მაესტროს რუსთავი 2-ის მსგავსად, პრიორიტეტულ თემებად პოლიტიკა, მედია და საგარეო ურთიერთობები ჰქონდა გაშუქებული. სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით კი, ნაკლებად აშუქებდა სასამართლოსა და სოციალური თემატიკის სიუჟეტებს.
  •  ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო ბადეში ყველაზე დიდი პრიორიტეტულობით, გამოშვებაში გაშუქებული სიუჟეტების 52% -ით პოლიტიკა ლიდერობდა. მას სასამართლო, კრიმინალი და კულტურა მოსდევდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად ტელეკომპანია კონფლიქტურ რეგიონებს აშუქებდა.
  •  ტაბულას საინფორმაციო ბადეშიც, თემატური თვალსაზრისით, უმეტესი წილი პოლიტიკაზე მოდიოდა. ტელეკომპანია ინტენსიურად აშუქებდა სასამართლოსა და საგარეო ურთიერთობებს.
  •  ამგვარად, მონიტორინგის შედეგად, ყველა ტელეკომპანიის პრიორიტეტულ თემად პოლიტიკა გამოიკვეთა. საინფორმაციო გამოშვებათა უმეტესობა აგრეთვე მნიშვნელოვანწილად აშუქებდა საგარეო ურთიერთობებს, მედიასა და სამართალს, ხოლო შედარებით ნაკლებად - სოციალურ თემებს, ბიზნესსა და ეკონომიკას.
უკან