დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MMLFJ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 24 დეკ 2015

ბლოგი: კანონიერია თუ არა რუსთავი 2-ის ჟურნალისტების პროკურატურაში დაბარება?

მარიამ ლორთქიფანიძე

17 დეკემბერს პროკურატურაში ორ სხვადასხვა საქმეზე რუსთავი 2-ის  ორი ჟურნალისტი მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილისგან გამომძიებელს სურდა მიეღო ინფორმაცია წინა დღეს "კურიერის" საინფორმაციო მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. სიუჟეტში ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომელი პარლამენტის წევრების შემდგომში შეწყალებულ პატიმართან ფარულ შეხვედრებზე საუბრობდა და დეპუტატებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდა. შესაბამისად, სიუჟეტი შეეხებოდა მაღალი საჯარო ინტერესის საკითხს, რაც  ამნისტიისა და შეწყალების პროცესის მიმართ მაღალი თანამდებობის პირების დაინტერესებას გულისხმობს და საზოგადოებაში დისკუსიის საგანია. ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა წყაროს არგამჟღავნების უფლებით ისარგებლა, გამომძიებლის კითხვებს პასუხი არ გასცა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. 

დაკითხვაზე დაიბარეს ასევე კურიერის კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე. ჟურნალისტისგან გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ფლობდა ის ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომელიც მოსამართლის შესაძლო კორუფციაში მონაწილეობას ეხებოდა. ნათია ტრაპაიძემ ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წევრების განცხადებები პრესკონფერენციაზე სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოისმინა და ამ თემაზე სიუჯეტი მოამზადა, ისევე როგორც სხვა საინფორმაციო გამოშვებებმა, თუმცა რამდენადაც ცნობილია, საგამოძიებო ორგანოში ამ დროისთვის მხოლოდ ნათია ტრაპაიძე დაიბარეს. ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოში მივიდა, თუმცა გამომძიებლის შეკითხვებს არც მან უპასუხა და არც ჩვენება მისცა. 

ამ შემთხვევაში ჟურნალისტებმა ისარგებლეს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული გარანტიებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით (50 მუხლი, 1 პუნქტი, "თ" ქვეპუნქტი), ჟურნალისტი არ არის ვალდებული იყოს მოწმე და მისცეს ჩვენება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამ ნორმას აქვს კონკრეტული მიზანი და ემსახურება ჟურნალისტური საქმიანობის, როგორც დემოკრატიის აუცილებელი ელემენტის თავისუფლების დაცვას. ჟურნალისტებისათვის ძალიან რთული იქნება გარკვეული ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, რომლის მიმართაც მისი შინაარსიდან გამომდინარე არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, თუ ისინი ვერ მისცემენ კონფიდენციალურობის მყარ და დამაჯერებელ გარანტიებს თავის წყაროს. ხშირ შემთხვევაში თუ ჟურნალისტები ვერ უზრუნველყოფენ წყაროს ანონიმურობის გარანტიას, ისინი საერთოდ ვერ მოიპოვებენ და შესაბამისად ვერ გაავრცელებენ საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციას. შედეგად, მედია ვერ შეასრულებს თავის პირველად - 'მოდარაჯე ძაღლის' ფუნქციას. 

ამ სულისკვეთებას იზიარებს საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია "Article 19-ის" შეფასებით, არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით.  ორგანიზაციის შეფასებით, პროფესიული საიდუმლოების დაცვის მუხლები გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს, რომელიც შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. 

ამ კანონის   მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები. ამავე კანონის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოება მოიცავს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის განდობილ ინფორმაციას (მუხლი 1, ქვეპუნქტი "ო").  რაც ამ ინფორმაციას კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ანიჭებს.  კანონის მე-11 (1) მუხლის მიხედვით, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა დაუშვებელია თავად ამ ინფორმაციის წყაროს ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე კანონით დაშვებულ შემთხვევებში (11.2). შესაბამისად, კანონი განსხვავებულ დაცვის სტანდარტს აწესებს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს და თავად ამ ინფორმაციის მიმართ. ინფორმაციის წყარო სარგებლობს დაცვის აბსოლუტური უფლებით, ხოლო თავად ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს გაკრკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია მნიშვნელოვანი ინტერესის ან უფლების დასაცავად. მაგალითად, ზიანდება სამართლიანი სასამართლოს უფლება  თუ ჟურნალისტის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს რომელიმე ბრალდებულის უდანაშაულობას. ხოლო აბსოლუტური დაცვა ნიშნავს, რომ ჟურნალისტს ვერასოდეს დავავალდებულებთ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო, რა მნიშვნელოვანი საპირწონე ინტერესიც არ უნდა არსებობდეს. 

მსგავსს სტანდარტს აწესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წყაროს გამჟღავნებასთან მიმართებით Goodwin-ის საქმეში , სადაც სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს, დარღვევა დაადგინა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის წყაროების დაცვა პრესის თავისუფლების არსებითი პირობაა. 

კანონმდებლობის ამგვარი მიდგომა ემსახურება ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდების სტიმულირებას. ის მოქალაქეები, რომლებიც ხშირად რთული დილემის წინაშე დგანან, გაავრცელონ თუ არა რაიმე დარღვევისთან, კორუფციასთან, დანაშაულთან ან საჯარო პირთა სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული მათთვის ცნობილი ინფორმაცია, უნდა იყვნენ წახალისებულნი, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება მიანდონ ჟურნალისტებს, ვისთვისაც ეს პროფესიულ მოვალეობას წარმოადგენს. დაცვის ადეკვატური გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, წყარომ შეიძლება თავი შეიკავოს ჟურნალისტებისათვის იმ ინფორმაციის გამჟღავნებისგან, რომლის მიმართაც მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი არსებობს. 

კანონმდებლობაში არსებული გარანტიები სახელმწიფო ორგანოებმა უნდა განამტკიცონ და დაადასტურონ თავიანთი მოქმედებებით.  ჟურნალისტების მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ნეგატიური სიგნალი დანარჩენი მედიისა და მათი პოტენციური წყაროებისათვის. იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტმა სიუჟეტი მოამზადა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, რომლის ავტორები თავად დაკითხეს საგამოძიებო სტრუქტურებმა, გაურკვეველია, რა დამატებით ღირებულ ინფორმაციას შეიძლება ფლობდეს რომელიმე ერთი კონკრეტული ჟურნალისტი და რა საგამოძიებო ინტერესი შეიძლება არსებობდეს მის მიმართ. ბუნდოვანებას კიდევ უფრო ამძაფრებს ორ სხვადასხვა საქმეზე ერთი და იმავე ტელეკომპანიის ორი ჟურნალისტის ერთდროულად დაბარება დაკითხვაზე. ამ მიდგომამ, რომელსაც უფრო დემონსტრაციული ხასიათი აქვს, ვიდრე შინაარსობრივი, შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს ჟურნალისტების სარედაქციო თავისუფლებასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ეფექტურობაზე.

იმ შემთხვევაში, როცა საგამოძიებო ორგანოები დაინტერესებულნი არიან ჟურნალისტის ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ საგამოძიებო პროცესი უნდა წარმართონ კანონდებლობით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების სრული პატივისცემით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს გამყინავი ეფექტი და სამომავლოდ ხელი შეუშალონ ინფორმაციის კონფიდენციალურად გადაცემასა და გავრცელებას.


უკან