დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MTCPK
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 01 თებ 2016

ბლოგი: როგორ მოიპოვა ყვითელი მიკროავტობუსების “თანამგზავრმა” ლიცენზია?

გელა ბოჩიკაშვილი 

რადიო "თანამგზავრი” საზოგადოების ყურადღების ცენტში მას შემდეგ მოექცა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიო ტალღა იმაუწყებლებდა. შპს თბილისის მიკროავტობუსის მმართველობაში მყოფ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ყვითელ მიკროავტობუსებში "ექსკლუზიურად მხოლოდ დამკვეთის”, ანუ რადიო - "თანამგზავრის” (შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ”) პროგრამა იქნება ჩართული. კომისიისთვის წარდგენილი დაფინანსების გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე რადიოს გამართულ მუშაობას ფინანსურად შპს თბილისის მიკროავტობუსი უზრუნველყოფს. 

რადიო "თანამგზავრის” მფლობელი რეჟისორი გოგა ხაინდრავაა. კომპანიამ თბილისში და მის შემოგარენში FM 92,3-ზე მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიისგან 2016 წლის 15 იანვარს მიიღო. პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღნიშნული კომპანია არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მარეგულირებელშიც აღმოჩნდა, რასაც თავად კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერებიც  ცხადყოფს. 

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ თბილისში კერძო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2015 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. 10 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე კი ლიცენზიის მაძიებელთა ვინაობა გაირკვა. ესენი იყვნენ: შპს „ტვ სტილი" (100 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი რადიო კომერსანტის დირექტორი გოგა სამუშია), შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ" ("თანამგზავრი”) და შპს „ახალი რადიო (50 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი "რადიო არ დაიდარდოს” წამყვანი ბეგლარ (ბეგი) ლოგუა, 50 პროცენტი - თათია გოგიბერიძე). 

10 დეკემბრის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ რადიო "თანამგზავრის” დისკვალიფიკაციის საკითხის დასმა მოითხოვა. საფუძვლად კი ლიცენზიის მაძიებელი კომპანიის შპს "მომხმარებელთა საყურადღრებოდ”-ს ერთ-ერთი მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის რადიო უცნობის დირექტორობა იყო. კომისიის წევრმა შესაბამის სამართლებრივ საფუძველსაც მოუხმო და მითითება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლის პირველ პუნქტზე გააკეთა. კერძოდ: 

მუხლი 60, პუნქტი 1. პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. 

შპს-მ "მომხმარებელთა საყურადღებოდ” რადიო ლიცენზიის მაძიებელთა კონკურსში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2015 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული ამონაწერი წარადგინა. აღნიშნული ამონაწერის თანახმად, გოგა (გიორგი) ხაინდრავა კომპანიის დირექტორი და 70% წილის მფლობელი იყო, დარჩენილ 30 პროცენტიან წილს კი შპს რადიო უცნობის (საერთო რადიომაუწყებლის ლიცენზია B70) დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე ფლობდა.


იმის მიუხედავად, რომ "მაუწყებლობის შესახებ” კანონის მიხედვით, ერთ სამაუწყებლო ზონაში (ამ შემთხვევაში თბილისში) 1 საერთო რადიოარხის ფლობაზე მეტი დასაშვები არ არის, კომისიამ 3 ხმით ერთის წინააღმდეგ, კომპანიის დისკვალიფიკაციის საკითხი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში და ერთთვიანი გასაჩივრების ვადა ჰქონდა. თუმცა, გადაწყვეტილება ვებგვერდზე მიღებიდან 33-ე დღეს გამოქვეყნდა. კომისიას კი, კანონით[1] გადაწყვეტიოლების გამოქვეყნების ვალდებულება მისი მიღებიდან 3 დღეში აქვს. 

მართალია, კომისიის უმრავლესობამ (3:1) შპს-ს "მომხმაარებელთა საყურადღებოდ” დისკვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი ვერ დაინახა, საეჭვია ის გარემოება, რომ სხოდმის გამართვიდან 5 დღეში, 15 დეკემბერს გიორგი გაჩეჩილაძემ თავისი 30 პროცენტიანი წილი გოგა ხაინდრავას უსასყიდლოდ დაუთმო. მფლობელის ცვლილება საჯარო რეესტრში 2015 წლის 16 დეკემბერს აისახა.


სხდომაზევე კიდევ ერთი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც შპს ”რადიო უცნობის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციას შეეხებოდა. კერძოდ, წარდგენილ დეკლარაციაში სს ”ლევან გაჩეჩილაძის” ბენეფიციარი მესაკუთრეები გაშიფრული არ იყო. ამ დარღვევის გამო კომისიამ ლიცენზიის მაძიებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად 5 სამუშაო დღე მისცა.

ხაინდრავამ და გაჩეჩილაძემ საერთო კომპანია - შპს "მომხამარებელთა საყურადღებოდ” 2014 წლის 20 თებერვალს დაარსეს. რამდენიმე თვეში კი იმ პირებთან, რომლებიც თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილდებას უზრუნველყოფენ, ხელშეკრულებები გააფორმეს. როგორც მედიასთან ხაინდრავამ 2014 წელს განაცხადა, ის მძღოლებს მიკროავტობუსებში რადიოს ჩართვის სანაცვლოდ, მძღოლისა და მგზავრების ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზღვევას ჰპირდებოდა. რადიო, რომელიც მიკროავტობუსებში უნდა ჩართულიყო, რადიო უცნობის ბაზაზე იქმნებოდა. ახალი რადიოს შექმნამდე კი რადიო უცნობს უნდა ემაუწყებლა.

ხაინდრავას მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის მაისი-სექტემბრის განმავლობაში, როცა "რადიო უცნობი” მიკროავტობუსებში იყო ჩართული, რადიომ შემოსავლის სახით 117 ათას 700 ლარი მიიღო.

წინა წლისგან განსხვავებით, 2015 წელის 1 დეკემბერს ხაინდრავას კომპანიამ ხელშეკრულება შპს "თბილისის მიკროავტობუსის” მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიებთან გააფორმა. რადიოს მიკროავტობუსებში ჩართვის სანაცვლოდ შპს-ს "მომხმარებელთა საყურადღებოდ” ყოველთვიურად "თბილისის მიკროავტობუსისთვის” 5 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, უცნობია, რა სარგებელს მიიღებენ ამით მიკროავტობუსის მძღოლები და მგზავრები. 



[1]მუხლი 7, პუნქტი 9. კომისია საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ინტერნეტში ქმნის საკუთარ ვებგვერდს და სისტემატურადგანაახლებს მასზე განთავსებულ ინფორმაციას; კომისიის გადაწყვეტილებები, მათ შორის, გადაწყვეტილებები კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე, კომისიის ვებგვერდზე განთავსდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისობისდეკლარაციები − მათი კომისიისთვისწარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

უკან