ქცევის კოდექსი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს მიერ მომზადებული დოკუმენტი დეტალურად მიმოიხილავს 200-ამდე ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობას.
საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობის მიმოხილვისას ანგარიშში მოყვანილია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მედია მონიტორინგის შედეგები. დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციამ, იანვრიდან ოქტომბრამდე სულ მცირე 69 რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტი გამოავლინა სატელევიზიო, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, რომელთა წყაროები მედია, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე სასულიერო პირები და სხვები არიან.
მედიის განვითარების ფონდის მონაცემების თანახმად, "აღნიშნული შემთხვევებიდან 31 ისლამოფობიური თუ თურქოფობიური ხასიათისაა და ეხება ახალი მეჩეთების მშენებლობას, 18 რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული ანტიკათოლიკური განცხადებაა, ექვსი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, სამი ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის, ხოლო 11 - სხვა რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ არის მიმართული ", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.