22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა და მედიის განვითარების ფონდმა (MDF), მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში, ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
თანამშრომლობის ფორმატში გათვალისწინებულია, სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო კურსის დანერგვის მიზნით, სილაბუსის შემუშავება, რომელიც სასკოლო სივრცეში მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრებას და ინფორმაციული უსაფრთხოების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. მედიაწიგნიერების კურსის და სასწავლო რესურსების მომზადების შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან პარტნიორობით, დაგეგმილია მედიის განვითარების ფონდის მიერ პედაგოგთა გადამზადება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში ახალი საგნის ინტეგრირება.
ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას აზრით, "ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, როდესაც მედიის ტრადიციული გაგება შეიცვალა და ნებისმიერი ადამიანი, როგორც ინფორმაციის შემქმნელი, ასევე გამავრცელებელია, მოზარდებში მედიაწიგნიერების უნარების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია”. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს სასკოლო სივრცეში ახალი ცოდნის და უნარების დანერგვას. მისი თქმით, "მედია და ინფორმაციული წიგნიერების საგნის სასკოლო პროგრამაში ინტეგრირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაში ხორციელდება და ის UNESCO-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული პროგრამა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სკოლებში ახალი ცოდნისა და უნარების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს”.
პროექტი "სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა” საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.