5 ნოემბერს თამთა თოდაძემ, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) და ორგანიზაციამ "საფარი” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას
საჩივრით მიმართეს და თამთა თოდაძის წინააღმდეგ კამპანიური გაშუქებასთან დაკავშირებით ონლაინ გამოცემების PIA-სა და კვირა + -ის, ასევე გაზეთ "ალიას” მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მეშვიდე და მე-11 პრინციპების დარღვევის ფაქტების შესწავლა სთხოვეს.
4 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში
ადანაშაულებდა. საგამოძიებო უწყებამ თოდაძე დაზარალებულად სცნო და 8 ოქტომბერს ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. თამთა თოდაძის მიერ საკრებულოს დეპუტატის დადანაშაულებას Facebook-ში სიძულვილის გვერდების და სახელისუფლებო მედიის მხრიდან მისი დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია მოჰყვა, რასაც ფაქტების გადამოწმების პორტალის "მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალაც ადასტურებს. Facebook გვერდების გარდა ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ტრადიციული ონლაინ მედია საშუალებები "კვირა +”, PIA და გაზეთი "ალია”. კერძოდ:
7 ოქტომბერს, ონლაინ პლატფორმაზე "კვირა +”-ზე გამოქვეყნდა
სტატია, სათაურით "თამთა თოდაძის დედა წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევია. იმავე დღეს "კვირა +”-ზე დაყრდნობით და იდენტური სათაურით მსგავსი ცნობა საინფორმაციო სააგენტო PIA -მაც
გამოაქვეყნა. ორივე ინფორმაცია თამთა თოდაძის დედის ნასამართლეობის შესახებ ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, რომელსაც ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს და განმარტავს, რომ "პირის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია არაა საჯარო და მისი მოპოვება მხოლოდ აღნიშნული პირის წერილობითი თანხმობით არის შესაძლებელი”.
გაზეთ "ალიას”, რომლის ონლაინ გამოცემაშიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით ,,თამთა თოდაძე ნაცმოძრაობის ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო!” ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროს, ლადო სადღობელაშვილის ფეისუქ სტატუსს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებს, თითქოს თამთა თოდაძის წარსულში პოლიტიკურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობის” წევრი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებს თამთა თოდაძესთად ერთად მიაჩიანთ, რომ თამთა თოდაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ (სიზუსტე) და მე-11 პრინციპი, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს, ასევე მე-7 პრინციპთან რომლის მიხედვითაც მიუღებელია პირის დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით.