საქართველოს ხიბლი მის მრავალფეროვნებაშია. სწორედ კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური სხვადასხვაობა ხდის კავკასიის რეგიონის ამ პატარა ქვეყანას მიმზიდველსა და საინტერესოს. მიუხედავად მრავალწლიანი მშვიდობიანი თანაცხოვრებისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი, ეთნიკური შუღლის გაღვივების გზით ცდილობს კავკასიის რეგიონში კონფლიქტური კერები წარმოშვას. 90-იან წლებში, საქართველოში დიდი პოლიტიკური ძვრების დაწყების შემდეგ, ეთნიკური დაპირისპირებებიც წარმოიშვა, ცხადია, რუსეთის პროვოცირებით, რამაც მომავალში ომებს დაუდო სათავე.

სწორედ ამგვარი ისტორიული გამოცდილების ფონზე, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ კავკასიონის მთისწინეთში არის აკაკი წერეთლის მიერ "ედემს" შედარებული პატარა სოფელი, რომელიც 4 განსხვავებული ეროვნების ხალხს იტევდა და, როგორც ამბობენ, არა თუ შუღლს, პატარა დაპირისპირებასაც კი არ ჰქონია ადგილი.



აკაკი წერეთლის სტუმრობა სოფელ ლაილაშში, 1912 წელი.
ფოტო: ივერიელი

მრავალეთნიკური ლაილაში ლეჩხუმში მდებარეობს. აქ საუკუნეების განმავლობაში ძმურად თანაცხოვრობდნენ ებრაელები, სომხები და ბერძნები. სოფელში დარჩენილი მოსახლეობა ძველ ისტორიებს გადმოცემით იცნობს, თუმცა ისეთი სიამაყით და ემოციებით გვიყვებიან, ვერ იფიქრებ, რომ თანამონაწილენი არ ყოფილან.

იმის მიზეზი, რომ მათ შორის არ ყოფილა მცირე კონფლიქტიც კი, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება იყო, რაც, სავარაუდოდ, სოციალურ ინტერაქციაში ჩამოყალიბდა.

2003 წელს დადგმული მონუმენტი ლაილაშის ცენტრში

სოფელში ებრაელების მოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე ისტორიულ ფაქტთან ერთად, ლეგენდებიც არსებობს.

"ებრაელები ჩვენს სოფელში ონის სინაგოგის გავლით მოდიოდნენ თურმე, აქლემებით. ასეთი ლეგენდაცაა. მერე ზერე, ყანებში ერთ ადგილს ერქვა ლასემა, თურმე იქ დაწვნენ ეს აქლემები. ებრაულად ეს ნიშნავს, აქ უნდა დავსახლდეთო და აქ დარჩნენ და დარჩნენ", — გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

სოფელი ლაილაში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge

თუმცა, დავით კოპალიანი წიგნში ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან წერს, რომ მითების დონეზე, ებრაელების ნაწილი სვანეთში, დაახლოებით, 26 საუკუნის წინ დასახლდა. შემდეგ კი, სოფელ ლახამულადან ლეჩხუმის ერთ-ერთ სოფელში, თაბორში გადმოსახლდნენ. თაბორმა, რომელიც ლაილაშის მეზობლად მდებარეობს, სწორედ ისრაელის თაბორის მიბაძვით მიიღო სახელი. ამის შემდეგ, აქ მომხდარ მიწისძვრას სოფლის მოსახლეობა აუყრია და დაახლოებით მე-6 საუკუნეში ებრაელები ლაილაშში დასახლებულან.

სწორედ აქედან იწყება მშვიდობიანი თანაცხოვრება. მკვიდრები გადმოცემით ამბობენ, რომ ებრაელები პატიოსანი მშრომელები, კარგი ხელოსნები და ნიჭიერი ვაჭრები იყვნენ. ისინი კარგად შეეგუენ ახალ გარემოს და მალევე დაიწყეს ადაპტირება. მიუხედავად ამისა, არასდროს დაუკარგავთ სურვილი საკუთარ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისა. წლებისა და საუკუნეების მანძილზე ლაილაშში ქართველთა და ებრაელთა რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ლაილაშში 120 ქართული, ხოლო 100 ებრაული კომლი ცხოვრობდა — სომხები და ბერძნები შედარებით ნაკლები იყვნენ.

როგორც ცნობილია, სომხები და ებრაელები ქვედა და ზედა ლაილაშს შორის იყვნენ დასახლებულნი. ეს ადგილი მალე სოფლის ცენტრად და ლაილაშის ბაზრად ჩამოყალიბდა, ვინაიდან მათ განავითარეს ვაჭრობა, მეწაღეობა, ხელოსნობა და ა.შ.

როგორც ადგილობრივები გადმოცემით ყვებიან, 1913 წელს ებრაელთა ბაზარი დაიწვა. ეს დღე შაბათი ყოფილა და ებრაელ კაცებს მუშაობა არ შეეძლოთ — სწორედ ამიტომ, მათი ქონების გადასარჩენად ქართველი კაცები იბრძოდნენ, რათა მოძმე ებრაელები სარჩო-საბადებლის გარეშე არ დარჩენილიყვნენ.

სოფლის მცხოვრებთა შორის განსხვავება წლების მანძილზე მხოლოდ რელიგია იყო. გარდა მრწამსისა, არ ყოფილა განსხვავებული ენა, დიალექტი, კულტურული ღონისძიებები თუ სხვა. იქ დღემდე არსებობს სინაგოგა, რომელიც რეაბილიტირებულია და სოფლის ცენტრში დგას.

სინაგოგა ლაილაშში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge

"ეს სოფელი იყო კულტურის კერა ოდითგანვე. ვაჭრობა იყო განვითარებული განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ებრაელები და სომხები ვაჭრობას მისდევდნენ და აქ რომ დასახლდნენ, ძირითადად ამ სფეროში ჩაერთვნენ. დადიოდნენ მეზობელ სოფლებში და ხან რას ყიდდნენ, ხან რას.

სომხები, ძირითადად, მეწაღეობას მისდევდნენ. ბერძნებს რაც შეეხება, რაფერც მე მახსოვს, მხოლოდ 3 ოჯახი იყო. ახლაც ცხოვრობს 2-3 ოჯახი. სომხები იყვნენ დაახლოებით 300 კომლი და ებრაელები 500 კომლი, დანარჩენი ქართველები", — იხსენებს სოფლის უხუცესი, თამაზ კაჭკაჭაშვილი.

სინაგოგა ლაილაშში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge

როგორც თამაზ კაჭკაჭაშვილი ამბობს, სოფელში შაბათობით "თორის თამაში" ტარდებოდა, სადაც ებრაელები ქართველებსაც ეპატიჟებოდნენ და ერთად მხიარულობდნენ.

მიტოვებული სახლი სოფელ ლაილაშში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge

"ამდენი რელიგიური რიტუალი ტარდებოდა ამ პატარა სოფელში და აბსოლუტურად არაფერი. ოჯახებში დავდიოდით ერთმანეთთან. ერთმანეთის რელიგიურ რიტუალებსაც ვესწრებოდით. მთელს ცენტრში, მაიდნის წყლამდე ებრაელები ცხოვრობდნენ. იყო დუქნები, ყოველნაირი. ძალიან წესიერი ხალხი იყო. თორა ჰქონდათ, თავიანთი სალოცავი.

ჩვენ მაშინ ბავშვები ვიყავით და ყოველ შაბათს ტარდებოდა თორის თამაში. არც დენი გვქონდა და არც არაფერი. ისე გვიხაროდა ეს თამაში... მივდიოდით და ვმხიარულობდით, არავითარი აყალმაყალი, აი, თითქოს კინოდან რომ გამოხვალ საღამოს და სახლში მიდიხარ, ისეთი იყო", — იხსენებს თამაზ კაჭკაჭაშვილი. 



ძველი დაწესებულებები სოფელ ლაილაშში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge


ძველი დაწესებულებები სოფელ ლაილაშში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge

ებრაელებმა და სომხებმა სოფელს უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები დაუტოვეს. მათ შორის არის საქვეყნოდ ცნობილი ებრაულენოვანი "ლაილაშის ბიბლია", რომელიც სოფელში XX საუკუნის 40-იან წლებში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, იგი მე-9 საუკუნის ხელნაწერია — ეტრატზე შესრულებულ ნაწერში 3 სავარაუდო კალიგრაფია შეინიშნება, ის სულ 169 ფურცელია და ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. მკვლევართა მოსაზრებით, მსოფლიოში ასეთი სულ 3-4 ხელნაწერი შეიძლება არსებობდეს.

ლაილაშის ბიბლია
ფოტო: jewishcollections.museum

ებრაელებმა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში საკუთარი სახელმწიფო, ისრაელი შექმნეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მასობრივი გადასახლება არა მხოლოდ ლაილაშიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან.

"შემოუთვლიდნენ, ფეხზე ვართ დამდგარი, არაფერი აღარ გვიჭირს, ჩამოდითო და ესენიც მიდიოდნენ", — იხსენებს თამაზ კაჭკაჭაშვილი.

"ებრაელები, როგორც დანარჩენი საქართველოდან, ლაილაშიდანაც 1970-იან წლებში წავიდნენ. რაც შეეხება სომხებს და ბერძნებს, თანდათან დატოვეს სოფელი, ისევე, როგორც ქართველებმა. რაც სოფელი დაკნინდა და დაპატარავდა, ნაკლები ასპარეზი იყო ვაჭრობა-ხელოსნობისთვის, ამიტომ მათი წასვლა ბუნებრივი იყო", — გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, მასწავლებელი ია ხმელიძე.

როგორც დავით კოპალიანი წერს, 2004 წელს საქართველოში "ისრაელის დღეების" კვირეული ჩატარებულა, სადაც სოფლის მკვიდრს, ნოდარ მესხაძეს მსგავსი ფრაზა წარმოუთქვამს:

"ჩვენი და ებრაელების ურთიერთობა ისტორიის სიღრმიდან მოედინება და მას უკვდავი ფესვები გააჩნია, რომელიც არასდროს გაწყდება. ამ სიძველეს ვერც სინაგოგისა და ვერც მათი წინაპრების საფლავების ქვების ასაკით დავადგენთ, ეს გაცილებით უფრო შორეულია", — უთქვამს მესხაძეს.

მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებმა ლაილაში დატოვეს, ზაფხულობით წინაპრების სასაფლაოზე დადიოდნენ.

"ებრაელები მოდიოდნენ ხოლმე ზაფხულში, სასაფლაოებია აქანე მათი წინაპრების. რამდენიმემ გააკეთა პაპისა და ბაბუის საფლავები. ივრითულადაა ყველაფერი, 6-ნიშნიანი გერბი და ყველაფერი. აქ რომ წირვა ტარდებოდა, იქაც ივრითულად საუბრობდნენ", — იხსენებს სოფლის მკვიდრი.

ებრაელების სასაფლაო სოფელ ლაილაშში
ფოტო: სოფო ჭინჭარაული

როგორც საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი ამბობს, ზოგიერთი ებრაელი ლაილაშთან წვდომას, გარკვეულწილად, მაინც ინარჩუნებს, ხანდახან კი ჩადიან და სინაგოგას სტუმრობენ.

"ბოლო ებრაელი ლაილაშიდან, დაახლოებით, 20 წლის წინ წავიდა. ზოგიერთი სახლებს ინარჩუნებს, ვგულისხმობ, დაკანონებული აქვთ. შესაძლოა, მოვლილი არ იყოს, მაგრამ მათ საკუთრებაში რჩება. გასულ ზაფხულს ვიყავი და როგორც ადგილობრივმა მითხრა, ჩამოდიან ხოლმე და სინაგოგასაც პატრონობენო. ლაილაშის სინაგოგა გარემონტებული დამხვდა. დაახლოებით, 7-8 წლის წინ გაარემონტეს. ადგილობრივმა მითხრა, რომ ერთ-ერთი, ვინც ჩამოდის, მისი კლასელი ქალია. დაახლოებით, 40-45 წლის იქნება. იმ ქალის კონტაქტი მომცა, რომ ფეისბუქზე მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბოლოს 2-3 წლის წინ იყო ჩამოსულიო. ვაპირებ, რომ კიდევ მოვიძიო კონტაქტები. თავადაც ვგეგმავ ისრაელში წასვლას და ვფიქრობ, როგორმე დავუკავშირდე ლაილაშიდან წასულებს", — გვითხრა ჩანჩალაშვილმა.

რაც შეეხება ბერძნებსა და სომხებს, ლაილაშში მათი დასახლების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა, მოსახლეობა იხსენებს, რომ ბერძნების სოფელში დასახლება ქვის ხელოსნის მოსვლასა და აქ დარჩენასთან ყოფილა კავშირში.

"ბერძენი ელიანიდი (ელიანოვი), ქვის ხელოსანი მოსულა ლაილაშში და აქაური ქალი შეურთავს. ზუსტად არავინ იცის, როდინდელი ამბავია. 8 ოჯახამდე გამრავლებულა მერე. ახლა მხოლოდ 2 ოჯახია დარჩენილი", — გვეუბნება ია ხმელიძე.

ახლა სოფელში ბერძენთაგან მხოლოდ მამუკა ელიანიდია დარჩენილი, ხანდახან მისი ბიძაშვილიც ჩამოდის თბილისიდან.

"ძველებიდან აღარავინაა ცოცხალი, არც ჩემები. ბერძნები მარტო ჩვენი ოჯახი ვართ დარჩენილი და ჩემი ბიძაშვილი არის კიდევ, რომელიც ახლა აქაა დროებით, თუმცა ისე თბილისში ცხოვრობს. ერთმანეთთან ყველას კარგი დამოკიდებულება გვქონდა, ეროვნების გამორჩევა არ ყოფილა არასდროს. როგორც ცხოვრობდნენ ქართველები ებრაელებთან და სომხებთან, ისევე ჩვენთან და ჩვენც იმათთან. არ იყო მაგის გარჩევა და არანაირი სხვაობა. ქართველებს და ბერძნებს შორის ტრადიციებიც უფრო ერთნაირი იყო, სარწმუნოებაც ერთი", — იხსენებს მამუკა ელიანიდი.

ამბობენ, რომ სომხები, ებრაელებთან შედარებით, უფრო ასიმილირებულნი იყვნენ ქართველ მოსახლეობასთან. სომხური ენაც კი არ იცოდნენ, მეტიც, ღვთისმსახურება დარბაზული ტიპის სომხურ ტაძარში ქართულად ტარდებოდა. ტაძრის ნანგრევები სოფლის ცენტრში ახლაც შემორჩენილია.

სომხური ეკლესიის ნანგრევები ლაილაშში

"ფუნქციონირებდა გრიგორიანული ეკლესია, რომლის მსახურს დიაკვანს ეძახდნენ, ტერტერად არ მოიხსენიებდნენ", — გვეუბნება ია ხმელიძე.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ სომხების შემოსვლა ლაილაშში, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ბერძნებისა და ებრაელებისა. ვაჭარ-ხელოსნობაში გამორჩეული სომხები განსაკუთრებით აძლიერებდნენ ირგვლივ მყოფთ. სწორედ ებრაელთა და სომეხთა მონდომებით შეიქმნა ლაილაშის ბაზრობაც, რომელიც იმდროინდელი მაზრის მთავარი სავაჭრო პუნქტი გახდა.

სომხური ეკლესიის ნანგრევები სოფელ ლაილაშში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge

"თანდათან დაიცალა სოფელი, წავიდნენ... მრავალფეროვნება იყო ჩვენი სოფლის ნიშა და ახლა გარეთ რომ გავიხედავ და ადამიანები კანტი-კუნტად არიან, გული გვწყდება. აღარც მრავალფეროვნებაა და არც ერთფეროვნება", — გვეუბნება თამაზ კაჭკაჭაშვილი.

მიტოვებული სახლი ლაილაშში

ერთ დროს ხალხმრავალი, მრავალფეროვანი, ჭრელი და ცოცხალი ლაილაში ახლა დემოგრაფიული პრობლემების წინაშეა.

დაცლილი სოფელი ტურისტების ყურადღებას ებრაელების აშენებული აუზით იქცევს. აქ ოქრონიშის წყალი მდებარეობს, საიდანაც ლაჯანურის ხეობაზე ულამაზესი ხედი იშლება.

ოქრონიშის წყარო ლაილაშში
ფოტო: ანანო მუშკუდიანი/On.ge

"აუზი გვაქვს სოფელში, ძალიან ტურისტული ადგილია, ებრაელების აშენებული. მოდიან და მოდიან ამ აუზის გულისთვის", — გვეუბნება სოფლის მკვიდრი.

სომხურ ეკლესიასთან და ებრაულ სინაგოგასთან ერთად, სოფელში ქართული ეკლესიაც დგას, რომელშიც ახლაც აღევლინება წირვა-ლოცვები. ახლა არსებული ძეგლი XIX საუკუნით თარიღდება, თუმცა, როგორც ამბობენ, იქვე ყოფილა ძველი ეკლესიის შენობა და დღეს მისი ნაშთიც აღარ არსებობს.

როგორც სომეხთა სათვისტომოში გვითხრეს, ლაილაშელი სომხები უკვე სრულად ასიმილირდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მათ ძველი პროფესიები შემოიტოვეს და საკუთარი ცოდნა მთელ დასავლეთ საქართველოს გაუნაწილეს.

დღეის მდგომარეობით, ლაილაშში ებრაელები უკვე აღარ ცხოვრობენ.დარჩენილია რამდენიმე ბერძნული და სომხური ოჯახი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში მეტად ასიმილირებულნი არიან.


მასალა მომზადდა პროექტის ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს.