ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე.ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებები მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლებისა და განათლების უფლების აღსადგენად.
ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილ პანსიონს ფუნქციონირება 15 სექტემბერს უნდა დაეწყო. თუმცა,10 სექტემბერს მომხდარი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი აქტის შემდეგ, პანსიონის ფუნქციონირება შეფერხებულია. ადგილობრივი მაცხოვრებლების ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მუდმივი მორიგეობა აქვს დაწესებული, პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხელოვნური ბარიერებით აქვს გადაკეტილი და პანსიონის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს გადაადგილებას უზღუდავს. ისინი ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმებს, პანსიონში შესვლის მსურველებს, ყოველ ჯერზე, ორგანიზებულად უღობავენ გზას და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებენ, უარი თქვან პანსიონში შესვლაზე. მუსლიმი თემის განმარტებით, პანსიონს გადაუკეტეს სასმელი წყალიც. ადგილზე მობილიზებული ჯგუფი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქრისტიანები არ დაუშვებენ პანსიონის გახსნას და ძალადობრივი დაპირისპირების რისკებზეც მიუთითებენ. დაპირისპირების ადგილას მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და არაფერს აკეთებს ადგილობრივი მაცხოვრებლების აშკარად უკანონო ქცევის აღსაკვეთად. ამ პირობებში, პანსიონში ჩარიცხული მოსწავლეები ქობულეთში მდებარე ძველი პანსიონის შენობაში მოათავსეს, რომელსაც ამ დროისთვის ორჯერ მეტი ბენეფიციარის მიიღება უწევს. შედეგად, ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება.
პოლიციის მსგავსად, უმოქმედოა ქობულეთის მუნიციპალიტეტიც, რომელმაც თითქმის 2 თვის განმავლობაში არ უზრუნველყო პანსიონის კანალიზაციის სისტემასთან მიერთება. ის საკუთარ პასიურობას ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგობით ხსნის. ამ მხრივ ნიშანდობლივია, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებიმედიაში, სადაც ის უმრავლესობის მიმართ ღია ლოიალობას ადასტურებს.
კონფლიქტის გადასაწყვეტად, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დასრულებულა. მუსლიმი თემის განმარტებით, ისინი არ აპირებენ პანსიონის გახსნაზე მოთხოვნის დათმობას, ხელისუფლება კი მათ მიუღებელ ალტერნატივებს სთავაზობს, რის გამოც, მოლაპარაკებებს შედეგები ჯერ არ მოჰყოლია.
ჩვენი შეფასებით, ქობულეთში გამოვლენილი რელიგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არაეფექტურია და იმსახურებს მწვავე კრიტიკას, შემდეგი მიზეზების გამო:
- შესაძლო პროვოკაციის თაობაზე მითითებით, ხელისუფლებაცდილობს გადაფაროს რელიგიური კონფლიქტის რეალური სურათი და ის მიზეზები, რომელიც საზოგადოებაში რელიგიურ სიძულვილსა და ძალადობას განაპირობებს. სხვა შემთხვევების მსგავსად (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა), ქობულეთში გამოვლენილი რელიგიური აგრესიის ანალიზი აჩვენებს, რომ დაპირისპირებას კომუნალური ხასიათი აქვს და ის საზოგადოებაში არსებული შეუწყნარებელი, ისლამოფობიური, თურქოფობიური განწყობებით არის განპირობებული. ხელისუფლების არაეფექტური პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების მიმართ და რელიგიური ხასიათის დაპირისპირებების დროს მისი გაუმართლებელი ლოიალობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ კი, იწვევს ძალადობის ზრდას და ექსტრემიზმის გაღვივებას საზოგადოებაში;
- 10 სექტემბერს, მუსლიმი მოსწავლეების პანსიონთან ღორის რიტუალური წესით დაკვლისა და პანსიონის კარზე ცხოველის თავის განთავსება, რომელმაც მთელ მუსლიმურ თემს შეურაცხყოფა მიაყენა, სახელმწიფოს მხრიდან დროულ სამართლებრივ რეაგირებასა და შესაბამისი პირების დასჯას მოითხოვს. ადგილობრივი მაცხოვრებლების კონკრეტულმა ჯგუფმა რელიგიური ნიშნით პანსიონის თანამშრომლების დევნა 10 სექტემბრის ინციდენტამდე დაიწყო და ის გარკვეული დროის განმავლობაში მუსლიმების სიტყვიერ შეურაცხყოფაში, პანსიონის მშენებლობისთვის ხელის შეშლაში გამოიხატებოდა. 10 სექტემბერის მოვლენები კი, სიძულვილისა და დევნის ყველაზე უხეში გამოვლინება იყო. განსახილველ ქმედებებში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად, რომელიც დასტურდება მუსლიმთა ახსნა-განმარტებებით, გამოძიება არასწორ კვალიფიკაციას (სსკ-ის 151-ე მუხლი, მუქარა) აძლევს ქმედებას. 10 სექტემბრის ინციდენტში მონაწილე პირები, მათ შორის, ჯგუფის შესაძლო ორგანიზატორები კი დღემდე აგრძელებენ მუსლიმი თემის უფლებების შელახვას და სახელმწიფო არაფერს აკეთებს მათგან მომდინარე რისკების შესაკავებლად. რელიგიური დევნის ნიშნების მიუხედავად, ამ ეტაპზე მხოლოდ 3 პირის პასუხისმგებლობა დადგა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული ქმედებისთვის, რისთვისაც თითოეულს 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა;
- მნიშვნელოვანია, პოლიციამ მიიღოს ყველა ზომა, რათა აღიკვეთოს ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლა. დომინანტი ჯგუფის მიერ პანსიონის ტერიტორიაზე შექმნილ ფაქტობრივ კონტროლს, რომელსაც უკანონო ხასიათი აქვს, პოლიცია ეგუება და არაფერს აკეთებს მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღსადგენად. პოლიციის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია ვალდებულია, აღკვეთოს უძრავი ნივთის გამოყენების ხელშეშლა. კანონით პირდაპირ დაკისრებულ ამ ვალდებულებას პოლიცია ჯერაც არ ასრულებს, ვინაიდან არ რეაგირებს შენობის მფლობელთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე შენობის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ არასრულწლოვანი მუსლიმებისათვის პანსიონში შესვლისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ პანსიონის შენობასთან ადგილობრივი მაცხოვრებლების შეკრება, რომელსაც თან სდევს სხვათა უფლებების პერმანენტული შეზღუდვა და ძალადობის მუქარა, გადის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და სახელმწიფოსგან ადეკვატურ სამართლებრივ რეაგირებას და მის აღკვეთას ითხოვს;
- არსებითია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა მოთავსდეს სეკულარიზმის ჩარჩოში და მათ თავი შეიკავონ უმრავლესობის გაუმართლებელი მხარდაჭერისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევისგან;
- კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ აღმოჩნდა ეფექტური. მოლაპარაკებისას პროცედურული სამართლიანობის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის საჯაროობა და მასში ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენის მქონე ნეიტრალური აქტორების მონაწილეობა. არსებითია, მოლაპარაკებების პროცესი რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვით წარიმართოს და დავა უმცირესობის უფლებების დათრგუნვის ხარჯზე არ გადაწყდეს.
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას მუსლიმ თემს და ხელისუფლებას უმცირესობების უფლებების დასაცავად ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკის გატარებას ვთხოვთ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ტოლერანტობისდამრავალფეროვნებისინსტიტუტი(TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო (TI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი