განცხადებები
თებერვლის ბოლოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მონიტორინგის სამმართველო, ინვენტარიზაციის მიზნით, კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველოში" შევიდა. ეს კომპანია „ნილსენის" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში. „თი-ვი ემ-არ საქართველო" ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. სატელევიზიო რეიტინგები კი ტელეკომპანიებისთვის რეკლამის მოზიდვის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს.
ინვენტარიზაციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ე.წ. „ფიფლმეტრების" აღრიცხვაც, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოჯახშია გადანაწილებული და რომელთა მეშვეობითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.„ფიფლმეტრების" აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლებმა ორგანიზაციას იმ ოჯახების მისამართების გამჟღავნება მოსთხოვეს, სადაც ეს მოწყობილობებია განლაგებული, რაც კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
შემოსავლების სამსახურის მიერ წამოყენებული მოთხოვნა კომპანიისადმი, გაუზიაროს მათ „ფიფლმეტრების" მქონე ოჯახების მისამართები, შეიცავს რისკს მომავალში ამ კვლევის შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით. თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, ზუსტად ეცოდინება, თუ სადაა განლაგებული „ფიფლმეტრები," ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევაში მონაწილე ოჯახების მეშვეობით კვლევის შედეგებით მანიპულირებას. აუდიტორიის კვლევების გარეშე კი, შეუძლებელია სატელევიზიო რეიტინგების ობიექტურად გაზომვა და, შესაბამისად, სარეკლამო სააგენტოებისთვის და უშუალოდ რეკლამის განმთავსებლებისთვის სანდო რეიტინგების მიწოდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სატელევიზიო ბიზნესის ფინანსურ კოლაფსს.
მნიშვნელოვანია, რომ „თი-ვი ემ-არ საქართველომ" კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურს ალტერნატივად შესთავაზა „ფიფლმეტრების" ოჯახებიდან ოფისში გადმოტანა და ოფისის ბაზაზე შემოწმება, რაზეც უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ, უწყების განმარტებით, კანონი მათ ავალდებულებს დაადასტურონ, სადაა ძირითადი საშუალებები განთავსებული.
„თი-ვი ემ-არ საქართველოს" განცხადებით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ინვენტარიზაციას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მეთოდოლოგიაზე შეთანხმება, რათა არ დაზარალდეს კვლევაში ჩართული ოჯახების, კომპანიის, კლიენტი ორგანიზაციებისა და, საბოლოო ჯამში, სარეკლამო ბაზრისა და ტელევიზიების ინტერესები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს IREX-ის პროგრამა G-Media-ს ფარგლებში „თი-ვი ემ-არ საქართველოს" მიერ გამოყენებული სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის სისტემის აუდიტი განხორციელდა, რომლის შედეგადაც ხარვეზები არ გამოვლენილა და დადასტურდა, რომ მეთოდოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო ნორმატივებთან.
მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი სარეკლამო ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას უზრუნველყოფს. ჩვენ მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, დათანახმდეს კომპანიის ალტერნატიულ შემოთავაზებას „ფიფლმეტრების" ოფისის ბაზაზე შემოწმების შესახებ.
ასევე, აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოახდინოს რეაგირება ამ საკითხზე, რადგან საქმე ეხება მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს (კვლევაში ჩართული პირების მისამართები). მოვუწოდებთ ინსპექტორს, რომელიც საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს, შეასრულოს მისთვის კანონით განსაზღვრული ამოცანები და კონსულტაცია გაუწიოს როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე კერძო კომპანიას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა დაცულობა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)