დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MQOAT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 27 ივლ 2013

მედიის განვითარების ფონდის პასუხი მე-9 არხს

მედიის განვითარების ფონდმა განიხილა ტელეკომპანია მე-9 არხის წერილი, რომლის თანახმად, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა არ ეთანხმება ფონდის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგს იმასთან დაკავშირებით, რომ 7 ივნისს, მე-9 არხის საინფორმაციო გამოშვებაში სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა ლოცვის ჩაშლის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში გარკვეული პროფესიული სტანდარტების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

გვესმის, რომ ნებისმიერი პროდუქცია, განსაკუთრებით ტელესიუჟეტი, შეიძლება ინტერპრეტაციის საკითხიც იყოს და მაყურებლის მიერ განსხვავებულად აღიქმებოდეს. თუმცა ფონდის ექსპერტების ამოცანა მედიის საქმიანობის მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პრიზმაში დანახვაა, რაც, თავის მხრივ, დისკუსიის საფუძველი შეიძლება იყოს. გვინდა კოლეგების ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ მონიტორინგი სწორედ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ფორმულირებებს იყენებს. მიგვაჩნია, რომ მონიტორინგის დროს ადექვატურად იყო გამოყენებული კოდექსის ისეთი მუხლები, როგორიცაა მე-12 და მე-13 (სანდოობა და სიზუსტე), მე-16 (4) და მე-18 (2) (მიუკერძოებლობა), ასევე მე-13 (9) მუხლი.

რაც შეეხება თავად მომხდარის ფაქტობრივ მდგომარეობას, სიუჟეტის ფაქტობრივ სიზუსტესთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს ამავე დღეს სხვა ტელეკომპანიების (რუსთავი2; საზოგადოებრივი მაუწყებელი) სიუჟეტებში მოყვანილ ფაქტებს, ასევე „კახეთის საინფორმაციო ცენტრის" (რომელიც ჩვენი მონიტორინგის საგანი არ არის, თუმცა საინტერესო წყაროა ამ საკითხთან დაკავშირებით) მასალებს. ასევე ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით გაკეთებულ სახალხო დამცველის მიმართვას, რომელიც თავად მუსლიმთა წინამძღვრის სულიკო ხოზრევანიძის ახსნა-განმარტებებს ეფუძნება და დეტალურად აღწერს, თუ რა მოხდა 7 ივნისს სოფელ სამთაწყაროში. იმედი გვაქვს, ეს მასალა დაეხმარება კოლეგებს ჩვენს მიერ გამოთქმული შეფასებების უკეთ გაანალიზებაში.

ამასთან, გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ მედიის განვითარების ფონდის მიზანი მედიის საქმიანობის ხელშეწყობაა და არა კონფრონტაციული კრიტიკა. ყოველთვის მზად ვართ თქვენი კომენტარების და მოსაზრებების მისაღებად და განსახილველად.

აქვე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ჟურნალისტ თამთა სანიკიძეს მისი სახელის არასწორად მოხსენიების გამო.

მეცხრე არხის გამოხმაურება მედიის განვითარების ფოდნის მონიტორინგის შედეგებზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.


მე–9 არხი MDF-ს ეხმაურება
უკან