განცხადებები
ბოლო დღეებში ქართულ ტელესივრცეში ვრცელდება ახალი მედიის საშუალებებიდან გადმოღებული მასალები პოლიტიკური კოალიციის ლიდერებისა და სხვა საჯარო პირთა კერძო საუბრების ჩანაწერების სახით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერების მიმართ შესაძლოა არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რედაქციები ვალდებული არიან მეტი სიფრთხილით მიუდგნენ ამ ტიპის მასალების ტირაჟირებას. ამასთან: რედაქციებმა თავიდან უნდა აიცილონ ბილწსიტყვაობის პირდაპირი გადაცემა ეთერში, და გამოიყენონ ასეთი მასალების რედაქტირების აპრობირებული მეთოდები, მით უმეტეს, როცა არ არსებობს ასეთი მასალების გავრცელების ოპერატიული საჭიროება;
მედია განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ისეთი მასალების გავრცელებას, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების ხელყოფის საფრთხეს შეიცავს; მით უმეტეს, რედაქციებმა თავი უნდა შეიკავონ მასალების იმ მონაკვეთების ტირაჟირებისგან, რომელებიც ადამიანის ფიზიკურ-გარეგნულ მახასიათებელს ავადმყოფობად აცხადებს და, რაც მთავარია, ამის წინაპირობად ნათესავების ამორალურ ქმედებებს ასახელებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სიტუაციაში მედიის როლი ძალზე მნიშვნელოვანია და იგი იზიარებს პასუხისმგებლობას საზოგადოებაში ბილწსიტყვაობისა თუ ადამიანის ღირსების შემლახველი სხვა გამონათქვამების ტირაჟირებისა და მავნე სტერეოტიპების დამკვიდრებისთვის.
მედიის განვითარების ფონდი