დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GQFJT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 15 დეკ 2014

MDF, TDI და GDI შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლის შესახებ "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების განცხადებების გამოძიებას ითხოვენ

მედიის განვითარების ფონდი - MDF,ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი -TDI და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა -GDI შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას უკავშირდება.

"სამხრეთის კარიბჭის" რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის განცხადებით, 8 დეკემბერს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით ბრალდებულის და: "სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა,  რედაქციაში  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ზარები და სათაურის შეცვლის მოთხოვნა მოჰყვა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს.

თავად სტატიის ავტორის თამუნა უჩიძის განცხადებით კი, მასთან რამდენჯერმე განხორციელებული კომუნიკაცია და "რჩევები", შეეცვალა ინფორმაციის საწყისი ვერსია პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, მუქარის შემცველი იყო ("თუ მაგალითად დაგაკავებენ  შეიძლება შენმა მეგობრებმა, ახლობლემბა, კოლეგებმა ერთი თვე ან თვენახევარი გამართონ აქციები შენს მხარდასაჭერად, მაგრამ  შენ საბოლოოდ ცხოვრებას დაგიმახინჯებენ").

დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია აკისრია, რაც პირველ რიგში, თავისუფლებისა და თვითმმართველობისთვის აუცილებელი ინფორმაციით მოქალაქეების უზრუნველყოფას გულისხმობს. იმისათვის, რომ მედიამ თავისუფლად და შეუზღუდავად განახორციელოს ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებლის ფუნქცია, ჟურნალისტებს საკუთარი პროფესიული მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ამდენად,

  • ·        მოვუწოდებთსაქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპეციამ, თავის მხრივ, მოიკვლიოს როგორც მუქარის შემთხვევა, ასევე შეისწავლოს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი;
  • ·     მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის აღკვეთა და პრევენცია, რაც საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

 

მედიის განვითარების ფონდი - MDF

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი- TDI

საქართველოს დემოკრატიული ინიცატივა - GDI

 

 

 

 

 

უკან