2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. დაკავების მიზეზი გახდა გიორგი კლდიაშვილის კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აღებული ნებართვის გარეშე. შსს-ს თანამშრომელთა პირველადი განმარტებით, გიორგი კლდიაშვილის ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ ცდებოდა და მას ჯარიმის გადახდა მოუწევდა. თუმცა, მოგვიანებით, გიორგი კლდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლით. სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. „მოდულის" შენობაში გადაიყვანეს, სადაც მან ორი დღე დაჰყო.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კლდიაშვილმა პოლიციელებს თავად აჩვენა იარაღი (იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, მჭიდის გარეშე), თავად გამოცხადდა პოლიციაში, გასცა გამოძიების ყველა შეკითხვას პასუხი, დაუდასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა იარაღის შენახვის ნებართვა და რომ იარაღი წაღებული ჰქონდა ხელოსანთან შესაკეთებლად, როგორც აღინიშნა, პოლიციამ ის მაინც დააკავა.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვერ დაასაბუთა გიორგი კლდიაშვილის ორი დღით დაკავების საფუძველი და ვერც ის, რომ არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე. სასამართლო განჩინებაში აღნიშნავს, რომ „სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნათა არსებითი დარღვევა, რაც დაკავებულის გათავისუფლების საფუძველია." აღნიშნული განჩინებით სასამართლომ დაადასტურა, რომ შსს-ს წამომადგენლებმა გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაარღვიეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამის გამო სასამართლომ მიიღო გიორგი კლდიაშვილის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 1500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ შსს-ს წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ მისი ორგანიზაციის საქმიანობისა და იმ სამოქალაქო კამპანიის შესახებ, რომელშიც ის იყო ჩართული. მათ მიანიშნეს კამპანიაზე „ეს შენ გეხება" და ჰკითხეს, თუ რატომ საუბრობდა უკანონო მოსმენებზე. ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რა დანაშაულის ჩადენაშიც არ უნდა ედებოდეს პირს ბრალი, კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის მითითება მის სამოქალაქო აქტივიზმზე.
მიგვაჩნია, რომ გიორგი კლდიაშვილმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, რაც გამოიხატა იმაში, რომ კუთვნილი იარაღი ხელოსანთან იარაღის გადაზიდვის წესების დარღვევით წაიღო. ამ დარღვევას გიორგი კლდიაშვილი თავადაც აღიარებს. თუმცა, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ კლდიაშვილის ეს ქმედება წარმოადგენს არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად, „იარაღის შენახვაზე შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის მქონე მოქალაქეთა მიერ კუთვნილი იარაღის გადაზიდვის წესების დარღვევა" არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ყოველივე ზემოთმულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ უკანონოდ მიჩნეული დაკავება, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, პოლიციის თანამშრომელთა მიერ მის სამოქალაქო აქტივიზმზე მითითება და საქმეში არსებული სხვა დარღვევები გვაფიქრებინეს, რომ სამართალდამცავთა არაადეკვატური მოქმედებები შესაძლებელია უკავშირდებოდეს გიორგი კლდიაშვილის აქტიურ პროფესიულ საქმიანობას და სამოქალაქო კამპანიაში ჩართულობას.
შესაბამისად მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ იქნეს შესწავლილი პოლიციელთა მოქმედების კანონიერება და ყველა დამრღვევს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
შეწყდეს გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება (სსსკ-ს 105-ე მუხლი);
მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციათა მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, ქვეყნის მოღალატეებად, ძირგამომთხრელებად შერაცხვაზე, რადგან, სხვა არასასურველ შედეგებთან ერთად, შესაძლებელია, ასეთი დაუფიქრებელი გამონათქვამები გახდეს სამართალდამცავთა მხრიდან ზემოაღნიშნული კანონსაწინააღმდეგო და არაადეკვატური რეაგირების წამახალისებელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საზოგადოებრივი დამცველი
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
მწვანე ალტერნატივა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative
პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ლიბერალური აკადემია – თბილისი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
იდენტობა
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM
ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
ანალიტიკური ცენტრი "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის"
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
რეპატრიანტთა კავშირი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი