განცხადებები
„მედიის განვითარების ფონდი" გმობს მედიის მიერ ისეთ ქმედებების განხორციელებას, რომელმაც შეაძლოა ხელი შეუწყოს ძალადობას და საფრთხე შეუქმნას ადამიანებისა და მათი ოჯახების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ფონდის მიერ ჩატარებული არაერთი მონიტორინგი აჩვენებდა და აჩვენებს, რომ გაზეთი „ასავალ-დასავალი" მუდმივად იყენებდა სიძულვილის ენას, თუმცა ბოლო გადაწყვეტილებით - გაზეთის ფურცლებზე განეთავსებინა ციხის თანამშრომელთა პირადი ინფორმაცია და მათი მისამართებიც კი, გაზეთმა გადალახა გონიერებისა და ეთიკის ყოველგვარი ზღვარი. ამ გადაწყვეტილებით გაზეთმა ძალადობის საფრთხის ქვეშ დააყენა ეს ადამიანები, რომელთა ბრალეულობაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაადგინოს სასამართლომ.
შესაბამისად, გაზეთმა პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ნებისმიერ ძალადობრივ რეაქციაზე, რომელიც მსგავსმა ინფორმაციამ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან შეიძლება გამოიწვიოს.
სამოქალაქო საზოგადოება კი აუცილებლად შეურიგებელი უნდა იყოს ამ (და მსგავსი) ფაქტებისადმი და გამოხატოს პროტესტი გაზეთ „ასავალ-დასავალის" მიმართ.
ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, არ წაახალისონ მედიისა და საზოგადოების ნაწილისგან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცავებმა კი ყველაფერი გააკეთონ მოსალოდნელი შედეგების დროულად აღსაკვეთათ.
03/10/2012
მედიის განვითარების ფონდი