ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2015 წლის 15 მარტს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ა(ა)იპ ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის"ოფისებზე განხორციელებულ თავდასხმას და ძალადობას პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და სათანადო პასუხისმგებლობაში მისცენ სამართალდამრღვევი პირები.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცით, აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე 47 პირი სხვადასხვა რანგის მოხელეა (მათ შორის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე), რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ფაქტობრივად, მომხდარი ინციდენტი შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური მოტივით სახელმწიფოს ინსტიტუციების წარმომადგენელთა თავდასხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასა და მის მხარდამჭერებზე.
გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს, რომ თავდამსხმელთა ძალადობრივი მოქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც უპირობოდ წარმოშობს ვალდებულებას, მომხდარ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. ვიდეოჩანაწერები ასევე იძლევა საშუალებას, მოხდეს თავდასხმაში მონაწილე პირთა სრული იდენტიფიცირება.
განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ გავრცელებული
ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა მიერ „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრზე" თავდასხმის მომენტში იქვე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთაც არ უცდიათ ინციდენტის განმუხტვა, ძალადობის პრევენცია და ოფისზე თავდასხმის შეჩერება.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
იდენტობა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი