თარიღი: 23 ნოე 2012
მედიის განვითარების ფონდის განცხადება
მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო. განსაკუთრებით დამაფიქრებელია პრემიერის ის განცხადებები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის არსის ფუნდამენტურად არასწორ გაგებას უკავშირდება.
მაუწყებლობის შესახებ კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი არხი თავისუფალია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან, საჯარო დაფინანსებით მოქმედებს, დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან და არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება (მუხლი 15). კანონი მაუწყებლის მმართველობის წესსაც, მათ შორის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესს და ვადებს განსაზღვრავს და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არხის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფას კრძალავს (მუხლი 18.2).
ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირის მხრიდან იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი, როგორ უნდა შეერწყას იგი პრემიერის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტელეარხს, ვინ უნდა დასაქმდეს არხზე და შესაძლებელია თუ არა მისი დაფინანსება პრემიერის პირადი ჯიბიდან, მით უფრო მაუწყებელში ფინანსური პოლიციის რევიზიის ჩატარების ფონზე, შეშფოთების საფუძველს იძლევა.
მოვუწოდებთ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასა და მის ლიდერს, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსთან და მედია საშუალების საქმიანობაში ჩარევის დეკლარირებულ მცდელობას წარმოადგენს. ამასთანავე მოვუწოდებთ სამოქალაქო ჯგუფებს, აქტიურად გამოიყენონ კანონმდებლობით განსაზღვრული საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები, მათ შორის საზოგადოებრივი საბჭოები იმისათვის, რომ მაუწყებლის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ეფექტურად იქნას უზრუველყოფილი და არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე.
მედიის გავითარების ფონდი
23 ნოემბერი, 2012 წ.
უკან