ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ, პოლიციის პოლკოვნიკ, ირაკლი ფირცხალავას მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც ბრალდებული #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები გინებით, მუქარით და გაუსაძლისი ხმაურის შექმნით ბრალდებულზე ზეწოლას ახორციელებენ, რაც პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობად უნდა შეფასდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებულის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ვერ მოხერხდა მასთან პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების შეხვედრა.
დაუშვებლად მიგვაჩნია ყოფილი პოლიციელი ბრალდებული პირის, იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსება, სადაც პატიმრობაში იმყოფებიან სხვა, კრიმინალური წარსულის მქონე პატიმრები. მსგავსი გადაწყვეტილება არამარტო ლახავს ბრალდებული პირის უფლებებს, არამედ იწვევს კრიმინალური სამყაროს გაძლიერებასა და მისი გავლენის ზრდას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
გამომდინარე ზემოთქმულიდან მოვუწოდებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ი.ფირცხალავას გადაყვანა იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც თავიდან იქნება აცილებული მასზე სხვა პატიმართა მხრიდან ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა.
ამავდროულად მოვუწოდებთ საქართველოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, პროაქტიურად განახორციელოს ვიზიტები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოინახულოს ბრალდებული და სათანადო რეაგირება მოახდინოს მისი უფლებების დარღვევის ფაქტზე.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
იდენტობა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)