თარიღი: 15 იან 2013
მედიის განვითარების ფონდის განცხადება
მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 14 იანვარს თბილისის პროკურატურის მიერ მიწოდებული ვიდეო კადრების მედიაში გავრცელების გამო, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელპობის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს (332-ე მუხლის მე-3 ნაწილი) შეეხება.
მედიის განვითარების ფონდი, პირველი რიგში, მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან დაირღვა ვიდეო კადრებში ასახულ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო დაწესებულებას აკისრებს ვალდებულებას, არ გაახმაუროს პირად საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაცია, თავად ამ პირის თანხმობის ან სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე კანონდარღვევით მოპოვებულ ინფორმაციასთან გვაქვს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როცა მედიისთვის პროკურატურის მიერ მიწოდებული ვიდეო მასალა მასზე ასახულ პირთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.
მეორეს მხრივ, სახეზეა მედიის მხრიდან საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დეფიციტი და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევა. კერძოდ, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35 (10) მუხლი მკაფიოდ განმარტავს, რომ "მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ, არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა”.
აშკარაა, რომ მედია საშუალებებს საკმარისი ზომები არ მიუღიათ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალებში იდენტიფიცირებულ პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფა.
მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს, ერთის მხრივ, პროკურატურას, აღკვეთოს უკანონოდ მოპოვებული მასალების ტირაჟირება და პატივი სცეს კანონმდებლობას; მეორე მხრივ, მოვუწოდებთ მედია საშუალებებს დაიცვან ქცევის კოდექსის დებულებები და ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაა.
მედიის განვითარების ფონდი
15 იანვარი, 2013 წ.
უკან