დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YRKXM
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 23 ოქტ 2015

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენების გამო, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და სტაბილურობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მოვლენებს დადებითად აფასებენ და აქეზებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე, ის, რომ მათში აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები.

კატეგორიულად მიუღებელია და ქვეყნაში დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხს მატარებლად მივიჩნევთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ ძალადობის მაპროვოცირებელ განცხადებას:

"ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს"

აღნიშნული განცხადება, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან ერთობლიობაში, ადასტურებს ხელისუფლების კავშირს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე განხორციელებულ მიზანმიმართულ და ვანდალურ თავდასხმებთან.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებითაცირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. პრეზიდენტმა აქცენტი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობების არსებობაზე გააკეთა. ასევე, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტისმოსაზრებით,პრემიერის განცხადებები ყოველგვარი დემოკრატიული წესიერების მიღმაა.

ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებისთვის აპრობირებულ მეთოდად იქცა ე.წ. წამების კადრების გასაჯაროება, მათ შორის, საჯარო მოხელეების მიერ (გურიის გუბერნატორი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე) სხვადასხვა საშუალებით, (სოციალური ქსელი, ვებგვერდი, დემონსტრაციული ჩვენება ცალკეული ქალაქების საჯარო შეკრების ადგილებში) და ამის საფუძველზე, ორგანიზებულად, „ქართული ოცნების" აქტივისტების ხელმძღვანელობით, ძალადობრივი იერიშის მიტანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" თუ „თავისუფალი ზონის" ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სცენარი მოვლენათა ზემოხსენებული თანმიმდევრობით განვითარდა 2015 წლის 21-22 ოქტომბერს. კერძოდ, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ვებგვერდზე კვლავ გამოქვეყნდა ე.წ. წამების კადრების ახალი ეპიზოდი. ამის პარალელურად, ფეისბუკის საშუალებით, ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის”, "ევრაზიის ინსტიტუტის” და "ქართული ოცნების” სხვა მხარდამჭერები ავრცელებდნენ მუქარას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების, მხარდამჭერების და მათი ოჯახების მიმართ, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი მათგანის წინააღმდეგ არის დაწყებული გამოძიება.

ყოველივე ზემოაღნიშნულს კი მოყვა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზეთავდასხმებისაქართველოს თითქმის ყველა რეგიონში: გურჯაანში, ახალციხეში, ასპინძაში, ქუთაისში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ბათუმში, წალენჯიხაში, ლანჩხუთში, გორში, ზუგდიდში, ხობში და სხვა.

მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებები ორგანიზებულია და მათი შინაარსი მსგავსია ყველა რეგიონში. თავდამსხმელთა საერთო ლოზუნგებია: „SOS ლიკვიდირებული ენმ", „გაქრით მწამებლებო", „ნაციონალებო გადაშენდით". თავდამსხმელები არბევენ ენმ-ის ოფისებს, ესვრიან ქვებს და წითელი საღებავით შენობაზე ტოვებენ წარწერებს: „ქათმებო, მკვლელებო", „აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა".

გარდა ენმ-ის ოფისებისა, ვანდალური ქმედება განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიმართაც. მათ დააზიანეს ინფრასტრუქტურა და წითელი საღებავით დატოვეს წარწერა - „მწამებლის ბიბლიოთეკა".

აღსანიშნავია, რომ დარბევებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების საჯარო მოხელეები და პარტია "ქართული ოცნების” წევრები მონაწილეობენ, რის ფონზეც თუ რა მიზეზითაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღინიშნება სრული უმოქმედობა აღნიშნული კანონდარღვევების აღკვეთის თვალსაზრისით.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არ ხვდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, არამედ წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას პოლიტიკურ ოპონენტებზე. შესაბამისად, ირღვევა ეროვნული კანონმდებლობა, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საჭიროებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

კავშირი "საფარი”

მედიის განვითარების ფონდი MDF

იდენტობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

უკან