განცხადებები
19 ოქტომბრიდან მედია-კავშირ "ობიექტივის" ეთერში, ყოველდღიურად გადაიცემა სამეგრელოში აღმოჩენილი წამების კადრების ფრაგმენტები. ცხადია, ძალადობის და დანაშაულის მხილება საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მაგრამ მედიას შეუძლია ეს ფუნქცია აუდიტორიის გრძნობებით მანიპულირების და ადამიანის ღირსების შემლახავი კადრების პერმანენტულად და კამპანიურად გავრცელების გარეშე შეასრულოს. ამგვარი ქმედებები საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ძალადობისკენ წაქეზების პირდაპირ საფრთხეს ქმნის, რისი მხილველიც ბოლო დღეებში საზოგადოება გახდა და რამაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას შეუწყოს ხელი.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლი აწესებს პროგრამულ შეზღუდვებს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, " იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის." ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, "იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას."
არხის წამყვანი ასევე პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებებს, რომლითაც ძალადობას ამართლებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს[1].
ვთვლით, რომ ძალადობის ამგვარი წახალისება, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს და სცილდება საზოგადოების პრობლემებზე ინფორმირების ამოცანას, სახიფათოა საზოგადოებისთვის და წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას. მოგიწოდებთ, რეაგირება მოახდინოთ აღნიშნულ ფაქტზე.
მედიის განვითარების ფონდი, MDF
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI
ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი
საფარი
კონსტიტუციის 42 მუხლი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI
საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS
იდენტობა
მედია კლუბი
არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
Voice from Georgia
[1]ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: „არავითარი კვერცხები, არავითარი საღებავები და არავითარი კარის შედუღება ამათ არ უშველის. ამათ უშველით დიდი შოლტი, რომლითაც უნდა გამოეკიდო ყველგან, სადაც დაინახავ და ურტყა და ურტყა მანამდე, სანამ ხორცი ნაფლეთებად არ ექცევათ და ძვალი არ გამოუჩნდებათ."
ობიექტივი,"ღამის სტუდია", 22 ოქტომბერი, 2015. http://www.myvideo.ge/v/2667429