დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
NKUPL
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 27 ნოე 2015

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მიხეილ ხუნდაძეზე თავდასხმის შესახებ

სამოქალაქო პლატფორმის «არა ფობიას!» წევრი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით «სტუდიო კამპუსის» დირექტორის, მიხეილ ხუნდაძის დაჭრის ფაქტს. ინციდენტის გარემოებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს და გათვალისწინებული იქნას საქმეში მკვეთრად გამოხატული რელიგიურ-იდეოლოგიური ნიშნით სიძულვილის მოტივი. ამ მიმართულებით, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ.

როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, 15 ნოემბერს „სტუდიო კამპუსის" დირექტორი, მიხეილ ხუნდაძე ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი  „კამპუსის" ორგანიზებით მოწყობილ საჯარო  ლექციაზე, მილორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ამჟამად, დაზარალებული მძიმე ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის.

დაზარალებული მიხეილ ხუნდაძე მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავდამსხმელთა გაღიზიანება სავარაუდოდ, „სტუდიო კამპუსში" ჩატარებული ლექციების შინაარსმა გამოიწვია.

„ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დიდი საჯარო ლექცია გავაკეთეთ ნიცშეზე, ნოემბრის დასაწყისში. გაჟღერდა ნიცშეს ტექსტის განსაზღვრება, რომელიც არის „ასე იტყოდა ზარატუსტრაში" – „ღმერთი მოკვდა". მაგ ლექციაზე ბევრი სტუმარი გვყავდა, 180 სტუდენტი, ამიტომ გამოვიყენეთ ხმის გამაძლიერებლები და ეს ხმები უბანშიც ისმოდა. ვვარაუდობთ, ამის გამო ჩათვალეს, რომ ჩვენ სექტანტები და სატანისტები ვართ" - აღნიშნავს ხუნდაძე ჟურნალ „ლიბერალთან" ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს, ღონისძიებაზე დამსწრეთა ნაწილმა ლექციის ჩაშლა სცადა, ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ხუნდაძემ მათ მკაცრად მოსთხოვა სივრცის დატოვება. სიტყვიერი კონფლიქტი მალე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ლექციიდან გასულმა ახალგაზრდებმა მოიყვანეს პიროვნება, რომელმაც სადარბაზოსთან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ხუნდაძე   მკერდის არეში დანით დაჭრა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ინციდენტის შემდეგ ამავე უბანის მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ „ახია  თქვენზე", „აბა რა გეგონათ", „თქვენ ხართ სატანისტები", „რა ლექციებს ატარებთ აქ".

დაზარალებულისა და თვითმხილველების განმარტებები, აღნიშნულ ინციდენტში, სავარაუდოდ, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ნიშნების არსებობაზე მიუთითებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავებული იდეოლოგიისა და რწმენის ადამიანებს შეუწყნარებლობის მოტივით თავს ესხმიან, ფიზიკურად ძალადობენ მათზე და უზღუდავენ პირად თუ საჯარო სივრცეს. ასეთ დროს, ძალადობის პრევენციის მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,  სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

იდენტობა

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

უკან