თარიღი: 18 მარ 2013
სახიფათო ტენდენცია საჯარო სივრცეში
მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დღეებში მედია-საშუალებებით ადამიანის პირად საიდუმლოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ტირაჟირების გახშირების გამო.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ასეთი ინფორმაციის გამოყენება ჟურნალისტის კრიტიკული შეკითხვის საპასუხოდ ხდება. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შემთხვევა, რომელმაც 2013 წლის 14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონულ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე კრიტიკული შეკითხვა ფოთში არსებული სიტუაციის შესახებ დასვა. ამის საპასუხოდ კრიტიკის ადრესატმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ჟურნალისტის აქტიურობა მის პირად ოჯახურ პრობლემებს დაუკავშირა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.”
გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უგულვებელყოფს კონსტიტუციურ ნორმას და საჯარო დისკურსში შემოაქვს ისეთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვა, რომელსაც არც საჯარო პოლიტიკასთან და არც განსახილველ თემასთან არავითარი საერთო არა აქვს.
გვინდა მოვუწოდოთ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და სხვა საჯარო პირებს, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებას და თავიანთ არგუმენტაციაში მოერიდონ ადამიანის პირადი საიდუმლოების ხელყოფას.
ასევე მივმართავთ მედია საშუალებებს, სიფრთხილით მოეკიდონ და თავი შეიკავონ ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ტირაჟირებისგან, მით უმეტეს, როცა კავშირი ამ ინფორმაციასა და განსახილველ თემას შორის დაუსაბუთებელია.
მედიის განვითარების ფონდი
18 მარტი, 2013
უკან