დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OWGRB
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 28 მარ 2016

MDF-ის განცხადება დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის ქმედებებთან დაკავშირებით

25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნების” წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია "პირველის” ეთერში, გადაცემაში "ინგა გრიგოლიას დღის ამბები” წამყვანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი კომენტარი გააკეთა.
 
დეპუტატის რეპლიკები უკავშირდებოდა ინგა გრიგოლიას გამოხმაურებას 2016 წლის 14 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, რასაც გარკვეულ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა მიმართ 31 მარტამდე თანამდებობის დატოვების მოთხოვნა და წინააღმდეგ შემთხვევაში კადრებით დაშანტაჟების მუქარა ახლდა. მუქარის ობიექტთა შორის მოხვდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც ამ თემაზე საჯაროდ თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შანტაჟისა და მუქარის არ ეშინოდა და "გაჩუმებას" არ აპირებდა.
 
28 მარტს გაზეთ "ალიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში კი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე არა მხოლოდ ჟურნალისტის პირადი ცხოვრებით, არამედ ინგა გრიგოლიას შვილის პოლიტიკური შეხედულებებით ("ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია") და სამსახურებრივი მდგომარეობითაც ("რომელ უწყებაში მუშაობს”) დაინტერესდა.
 
პარლამნტის წევრის დავით ლორთქიფანიძის საჯარო განცხადება ჟურნალისტის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში და შემდგომ ამ თემის უკვე მისი შვილის მისამართით განვრცობა, არის არა მხოლოდ ადამიანური ეთიკის ფეხქვეშ გათელვა, არამედ უდიდესი პოლიტიკური საფრთხის შემცველი ქმედება, რომელიც ხელყოფს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების ფუნდამენტურ უფლებებს და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.
 
მიგვაჩნია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომლსაც ის წარმოდგენს და ვისი სახელითაც მიმართავს საზოგადოებას.
უკან