თარიღი: 27 მარ 2013
MDF და ALPE-ს განცხადება მედიაში პროფესიული სტანდარტების უხეში დარღვევის გამო
მედიის განვითარების ფონდი და ფონდი ALPE უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ 26 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 15, 18 და 21 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტის გამო, რომელიც მიმდინარე წლის 20 მარტს მეუღლის მიერ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლული ქალბატონის შემთხვევას ეხებოდა.
ჩვენს შეშფოთებას აძლიერებს ის ფაქტი, რომ საუბარია ქვეყნის წამყვან ტელეკომპანიაზე, რომელსაც საზოგადოებრივ აზრსა და ჟურნალისტურ პრაქტიკაზე დიდი გავლენა აქვს.
აღნიშნული სიუჟეტი შორს არის ჟურნალისტური ეთიკისა და ქცევის სტანდარტებისგან და მასში მაუწყებლის ქცევის კოდექსის არაერთი ნორმაა დარღვეული. კერძოდ:
კოდექსის მე-13 მუხლი მაუწყებელს ავალდებულებს, ყველა გონივრული ზომა მიიღოს და "მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება” (13.2). სწორედ შეცდომაში შემყვან ინფორმაციად და ადამიანის ერთგვარი გასამართლების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ სიუჟეტში მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედის დადანაშაულება მკვლელობის წახალისებაში, დედამთილისა და რძლის თანამშრომელთა და ბაგა-ბაღის მშობელთა ნაწილის მიერ გაკეთებული კომენტარების და მათ მიერ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ხელმოწერების შეგროვების საფუძველზე. ამ უკანასკნელს კიდევ უფრო ამძაფრებს ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ისეთი კომენტარი, როგორიცაა "სამუშაო ადგილი მამაკაცის დედას ამ დრომადე არ დაუტოვებია” და ერთ-ერთი მშობლის კომენტარი გარდაცვლილის დედამთილის საეჭვო ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მით უფრო, რომ ეს ყველაფერი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ემოციურ ფონზე ხდება.
რუსთავი 2-ის მხრიდან დარღვეულია კოდექსის 50-ე მუხლიც, რომლის 1 ა) პუნქტის თანახმად, მაუწყებელმა "არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს”. ამავე მუხლის ბ) პუნქტის თანახმად კი, "მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს საგამოძიებო ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაუწყებელი საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს, რომელიც გამოავლენს ოფიციალური გამოძიების უზუსტობას, წინააღმდეგობრიობას ან ინერტულობას და ფლობს საკმარის ინფორმაციას სანდო ჟურნალისტური შეფასების გაკეთებისათვის.” ჟურნალისტს ამ მუხლის არცერთი მოთხოვნა არ დაუცვია და გამოძიების, ექსპერტიზის ყოველგვარი ვერსიის გარეშე შემოგვთავაზა ისეთი სუბიექტური შეფასებები, რაც ჭორებისა და უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელებას უწყობს ხელს.
ტელეკომპანიამ ასევე დაარღვია ქცევის კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის განსაზღვრულ წესებს მოიცავს. აღნიშნული მუხლი ავალდებულებს მაუწყებელს სკოლებში, სამედიცინო და სხვა სპეციფიკურ დაწესებულებებში მასალის მომზადებისას, მოიპოვოს გადაღებაზე, როგორც უფლებამოსილი პირის თანხმობა, ასევე იმ პირებისაც, ვისი გადაღებაც ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა "მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოების ინტერესით.” ასეთი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული ოჯახის ტრაგედიის გაშუქების შემთხვევაში არ არსებობდა. უფრო მეტიც, სიუჟეტში ატირებული დედამთილი გადამღებ ჯგუფს სთხოვს, არ გადაუღონ მას და იძულებულია, კამერას დაემალოს. 35-ე მუხლის თანახმად, პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს პირის გადაღება თავად მისი ნებართვის გარეშე არათუ დახურულ დაწესებულებებში, არამედ საჯარო თავშეყრის ადგილებშიც კი არის შეზღუდული.
კოდექსის 55. 2 მუხლი მაუწყებელს უკრძალავს ისეთი მასალის მომზადებას, რომელიც ამართლებს ან იწონებს "სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას და შეიძლება წაახალისოს სხვები მსგავსი ქმედებისკენ”. სწორედ ასეთ სიუჟეტად შეიძლება მივიჩნიოთ 26 მარტის კურიერში ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გასული სიუჟეტი, რაც ადამიანის ერთგვარი "ლინჩის” წესით გასამართლებისკენ წახალისებადაც კი შეიძლება შეფასდეს.
მედიის განვითარების ფონდი და ფონდი ALPE მოუწოდებენ რუსთავი 2-ს პატივი სცეს პირის რეპუტაციას, თავი შეიკავოს ჭორებისა და ემოციურ ფონზე გაკეთებილი შეფასებების ტირაჟირებისგან და დაიცვას მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და პროფესიული სტანდარტები, რადგან არაპროფესიული ქმედებით მედია საშუალებამ გაუმართლებელი ზიანი შეიძლება მიაყენოს პიროვნებას.
უკან