ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ. მივიჩნევთ რომ აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდარი ფაქტის მიმართ ჩატარონ სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება, რომელიც წარიმართება სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და ორიენტირებული იქნება მომხდარი დანაშაულის გახსნაზე და სამართალდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემაზე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტი და გამოქვეყნებული ვიდეომასალა, აჩენს განცდას, რომ სამართალდამცველთა მიზანს არა სრულყოფილი გამოძიების ჩატარება და ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მომხდარი ინციდენტის იმდაგვარი წარმოჩენა წარმოადგენს, რომ რუსთავი 2 -ის ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი არ ქონია, ხოლო არსებული დაპირისპირება საზოგადოებამ ყოფით კონფლიქტად აღიქვას.
ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხდარი, ისე მსგავსი ფაქტების სწორი სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოძიების ისე წარმართვა, ვინაიდან საქართველოში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების არცთუაიშვიათი ხასიათისა, გამოძიება როგორც წესი არ მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით.
ამავდროულად შემაშფოთებელია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლების არასათანადო მოქმედება ან უმოქმედობა, რაც საზოგადობაში აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს და გარკვეულწილად ახალისებს პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მოტივირებულ ძალადობას.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ლგბტ საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო - CIDA
კავშირი „საფარი"
საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS