განცხადებები
4 მაისი, 2013
გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი პროტესტი იმ უზნეო ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბოლო დროს სოციალურ მედიაში გახშირდა. 2 მაისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთი მოქალაქის სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები. უკვე პირველი არ არის, როდესაც სოციალური მედიით ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირება ხდება და ეს მასალა, როგორც წესი, ფარული გადაღების და/ან ფაბრიკაციის შედეგია.
საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი მასალების წარმოშობა და შემდგომ გავრცელება, გარდა იმისა, რომ ხელყოფს ადამიანის უფლებას, შეიცავს დიდ საზოგადოებრივ საფრთხეებს, რადგან დიდი ალბათობით ეს ქმედება სახელმწიფო უწყებების მხრიდან არის განხორციელებული.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, გამოიძიონ ამ მასალის წარმოშობისა და სოციალურ ქსელში განთავსების საკითხი, მით უმეტეს, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს და შექმნას ასეთ ქმედებაზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტი.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ თუ არ მოხდა ამ ფაქტზე მკაფიო სამართლებრივი რეაგირება, ეს ტენდენცია საზოგადოებასთან ბრძოლის სასტიკ იარაღად გადაიზრდება, რომლის წინაშე ნებისმიერი მოქალაქე დაუცველი იქნება.
მედიის განვითარების ფონდი MDF
ფონდი „ALPE"