დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
PVDSP
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 08 სექ 2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეგზიტპოლების ჩატარების გეგმა მაუწყებლის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ კერძო ტელეკომპანიასთან - "იმედთან” "GDS”-თან და "მაესტროსთან” ერთად არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს.გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს კიდევ ერთხელ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს. მიუღებელია მათი განცხადება, რომ ეგზიტპოლების შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ კვლევით ორგანიზაციას და არა უშუალოდ მაუწყებელს. ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსა და მენეჯმენტის ცალკეულმა წევრებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს წარმოდგენილი გეგმით ეგზიტპოლის ჩატარების რისკები. კერძოდ:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგების მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტწილად დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს წინასაარჩევნო პერიოდს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საკითხის პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე, კერძო ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლების ჩატარების გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საზოგადოების მხრიდან მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასაშუალების აღქმაზე.

  • როგორც წესი, არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიები ეგზიტპოლების შედეგებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ. მაშინ, როცა მაუწყებელი წლებია ცდილობს "სახელისუფლებო” არხის სტატუსისგან გათავისუფლებას და საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, ბუნდოვანია ასეთი სარისკო გადაწყვეტილების არგუმენტაცია.

  • საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს 2012 წლის ეგზიტპოლის ჩატარების არასახარბიელო გამოცდილება, როცა მაუწყებლის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისა და არჩევნების შედეგებში თითქმის 20%-იანი ცდომილება აღმოჩნდა. გაურკვეველია, რა პრევენციული მექანიზმები აქვს მაუწყებელს გარდა ნდობისა კონკრეტული კვლევით კომპანიის მიმართ, რომ მსგვასი შემთხვევა აღარ განმეორდება. ამასთან, საველე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "გორბი,” რომელსაც მისივე წარმომადგენლის, მერაბ ფაჩულიას განცხადებით 2003 წლის მერე საქართველოში ეგზიტპოლი აღარ ჩაუტარებია.

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მომსახურებაში სხვა არხებთან შედარებით მცირე თანხას იხდის. მთლიანი მომსახურება 950 ათას დოლარამდე ჯდება, მასში მაუწყებლის წილი კი 200 ათასი ლარია. დანარჩენი თანხა სხვა არხებზე ნაწილდება. არხებს შორის, მაღალი კონკურენციის პირობებში გაუგებარია რა ინტერესია კომერციული არხების მხრიდან ასეთი მცირე თანხის სანაცვლოდ, მნიშვნელოვანი მონაცემები კონკურენტ კომპანიასაც გაუზიარონ.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის განცხადებით, მენეჯმენტი მოლაპარაკებებს კომპანიებთან დეკემბრის შემდეგ აწარმოებს, სამეურვეო საბჭო კი ბოლო პერიოდამდე არ იყო ინფორმირებული მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. მსგავსი მნიშვნელობის საკითხები სამეურვეო საბჭოსთან მენეჯმენტმა დროულად უნდა განიხილოს, რათა მაუწყებელს ჰქონდეს საკმარისი დრო საკითხის სიღრმისეულად გასანხილველად. ეს შემთხვევა ბადებს კითხვებს, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი საჯაროობა მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და 3 კერძო მაუწყებლისთვის ეგზიტპოლის ჩატარებას საერთაშორსიო კომპანია TNS უზრუნველყოფს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს მომსახურება 200 ათასი ლარი დაუჯდება. აღნიშნული თანხა მაუწყებლის ბიუჯეტში საარჩევნო წლისთვის წინასწარ იყო გათვალისწინებული. ეგზიტპოლებისათვის საველე სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით კვლევითი ორგანიზაცია "გორბი” შეასრულებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ "იმედთან”, "მაესტროსთან” და "GDS”-თან ერთად ეგზიტპოლების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ ერთსულოვნად ვერ მიიღო. საბჭოს ორმა წევრმა, სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ გადაწყვეტილებას მხარი პრინციპულად არ დაუჭირეს. მათი მოსაზრებით, ხსენებულ ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარება საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯისთვის რისკების შემცველია. კენჭისყრისას თავი შეიკავა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირინა ფუტკარაძემ. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ მარინა მუსხელიშვილმა, გიორგი კოხრეიძემ და ირაკლი პაპავამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS)

უკან