დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MIRWN
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 17 სექ 2016

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ენმ-ის თეთრიწყაროს მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის საარჩევნო შტაბის წევრების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ 2016 წლის 16 სექტემბერს სოფ. გამარჯვებაში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბის წევრებს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის წყაროც ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, 2016 წლის 16 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვებაში, ენმ-ის თეთრიწყაროს და გარდაბნის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის საარჩევნო შტაბის ოფისის ეზოში ქართული ოცნების აქტივისტები ლაშა ხაჭვანი და გიული ჭილაშვილი თავს დაესხნენ ენმ-ის შტაბის წევრებს ნიკა მჭედლიძეს და ნათია მჭედლიძეს. ენმ-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" აქტივისტმა ლაშა ხაჭვანმა ცივი იარაღით დაჭრა და ცემა ნიკა მჭედლიძე; ნათია მჭედლიძეც ნაცემია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება მოხდა, სადაც ცივი იარაღი არ ფიგურურებდა და ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი დაჭრილი არ არის. როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). 

სამწუხაროდ უკანასკნელ ხანებში მსგავსმა ინციდენტებმა რეგულარული ხასიათი მიიღო: 2016 წლის 2 სექტემბერსდარბეული იქნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ოფისი; 2016 წლის 10 აგვისტოს „ეროვნული ფორუმის" ნაძალადევის ოფისი გაქურდეს; 2016 წლის 11 და 12 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროსა და ზუგდიდის ოფისები დაარბიეს; 2016 წლის 22 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე განხორციელდა თავდასხმა; 2016 წლის 22 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა კორცხელში, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. არაერთი მსგავსი ფაქტი იქნა აღრიცხული 2015 წელსაც. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არცერთი ზემოთ ხსენებული ინციდენტი ამ დრომდე არ ყოფილა სრულად გამოძიებული და არც სამართალდამრღვევი პირები ყოფილან სათანადოდ დასჯილნი. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი პასიურობა მოძალადეთა წახალისებას უწყობს ხელს. აღნიშნულის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველა ფაქტზე, რათა არ მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელოვნური შეფერხება და უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.  

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

უკან