დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ERVFY
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 09 ოქტ 2016

MDF-ის განცხადება ტელეკომპანია “იბერიას”, GDS-ის, რუსთავი 2-ის და ნეტგაზეთის ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე

8-9 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების პროცესში ქუთაისსა (ტვ  იბერია, GDS, რუსთავი 2) და თბილისში (ნეტგაზეთი) ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის კიდევ 2 ინციდენტს ჰქონდა ადგილი:

1. ტვ  იბერია, GDS, რუსთავი 2. 8 ოქტომბერს, ღამით ქუთაისის სარჩევნო ოლქის 90-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ტელეკომპანიების - "იბერია” და GDS - ჟურნალისტებსა და ოპერატორებს უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს კი მიკროფონი წაართვეს. ამავე დროს, როგორც მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მოძალადეები ჰომოფობიური სიტყვებით მიმართავდნენ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს.

რეგიონული ონლაინ გამოცემა Kutaisi Today-ის ინფორმაციით, "აღნიშნულ დავალებას ხელმძღვანელობდა იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამავე დროს ქართული ოცნების შტაბის უფროსია, საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილი. მათთან ერთად ახალგაზრდების დაპირისპირებას ხელმძღვანელობდა კახაბერ აბზიანიძე, გოჩა ავალიანი, გიორგი სვანიძე და გია ჯინჭარაძე”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) დაიწყო. 

2. ნეტგაზეთი. მეორე ინციდენტს 9 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, პასტერის ქუჩაზე ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის” ოფისთან ჰქონდა ადგილი, სადაც რედაქციის ცნობით,  20-მდე ახალგაზრდა იყო შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთში პოლიტიკურ ნიადაგზე ჩხუბობდნენ. "ნეტგაზეთის” რეპორტიორი აღნიშნულ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდა, რა დროსაც ახალგაზრდებმა მას გადაღების შეწყვეტა მოთხოვეს. მას შემდეგ, რაც რეპორტიორს ტელეფონის კვების ბლოკი დაუჯდა, ახალგაზრდებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და "ნეტგაზეთის” ოფისამდე სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით გაჰყვნენ. რეპორტიორმა რედაქციაში შესვლა მოასწრო.  

"ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ მოკვლევა  სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რეგირების მიზნით დაიწყო.

ვთვლით, რომ როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში "ნეტგაზეთის” რედაქციასთან მომხდარ ინციენტში სახეზეა ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის დანაშაული, რაც სისიხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით არის დასჯადი. კერძოდ:

"1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”

როგორც მედიის განვითარების ფონდის მიერ "მთავრობის ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის” მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები არასათანადო კვალიფიკაციას აძლევენ და ეფექტიანად არ იძიებენ იმ საქმეებს, სადაც ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის დანაშაული იკვეთება. 

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო კვალიფიკაცია მისცენ ქუთაისსა (ტვ  იბერია, GDS, რუსთავი 2) და თბილისში (ნეტგაზეთი) ჟურნალისტთა მიმართ მომხდარ ინციდენტებს. ქუთაისის ინციდენტის შემთხვევაში კი გამოიძიონ მედიით გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ მომხდარში.

უკან