თარიღი: 17 მაი 2013
მედიის განვითარების ფონდის განცხადება 17 მაისს აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით
მედიის განვითარების ფონდი კვლავ მოუწოდებს მედია საშუალებებს, პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებული მოვლენები.
რამდენიმე მედიასაშუალებამ, კერძოდ, ტელეკომპანიებმა იმედმა და რუსთავი 2-მა ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებად მოიხსენიეს. შევახსენებთ მედია საშუალებებს, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან და მისი ლგბტ პირების/საზოგადოების აქციად, მით უმეტეს, ჰომოსექსუალთა აქციად მოხსენიება არასწორია. აქციის მონაწილეთა და ზოგადად ნებისმიერი პირის სექსუალური ორიენტაცია ადამიანის პირად ცხოვრებას განეკუთვნება და საზოგადოებრივი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს.
ფონდი მიესალმება რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერის” წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ დაშვებული შეცდომის შესწორებას და დაზუსტებას, რომ აღნიშნულ აქციაში უფლებადამცველი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მედიის განვითარების ფონდი მოუწოდებს სხვა საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტებს, მათაც გააკეთონ დაზუსტება და მოვლენები ობიექტურად და კორექტულად გააშუქონ, რათა თავად არ წაახალისონ ძალადობა.
მედიის განვითარების ფონდი
17 მაისი, 2013
უკან