განცხადებები
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ ინიციატივას. შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას. კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაშიკი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის, დასაკანონებლად.
გასული წლების განმავლობაში, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის თემა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გააქტიურდა. ყოველი ასეთი შემთხვევა თავისი არსით პოპულისტური იყო და საზოგადოებაში ტრადიციების დაცვისთუ ჰომოფობიურ განწყობებზე აპელირებით და არარსებული პრობლემის ხელოვნურად წამოჭრით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურებოდა. საგულისხმოა, რომ არაერთი წელია ტრადიციული ოჯახის დაცვის და ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის თემებით მანიპულირება წარმოადგენს რუსული და ანტი-დასავლური ნარატივის ნაწილს.
განსაკუთრებით აბსურდულია აღნიშნული ინიციატივა იმ ფონზე, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია, ხოლოლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასდროს დამდგარა. მაშინ,როდესაც საქართველოში გახშირებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულები და სიძულვილით მოტივირებული შემთხვევები ეფექტურად გამოძიებული არ არის, ლგბტ პირთა უფლებების შეზღუდვის კიდევ უფრო ხისტი დემონსტრირება პიდაპირ წაახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს და დაამძიმებს ლგბტ ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას.
აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერი ასევე აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და არ იქნება პოზიტიურად აღქმული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სახეზეა ერთი და იმავე სქესის წყვილთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. მართალია, ქორწინების თანასწორობა არ წარმოადგენს საერთო ევროპულ სტანდარტს, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა (Vallianatos and Others v. Greece და Oliari and Others v. Italy) აჩვენებს,ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების სამართლებრივი აღიარების ტენდენციას[1]. 2015 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ჰომოსექსუალი წყვილების აღიარებისთვის საჭირო სამართლებრივი ნორმების არარსებობა არღვევს კონვენციის მე-8 მუხლს - პირადი ცხოვრების და ოჯახური ცხოვრების უფლებას.
ქორწინების თანასწორობის თეორიული შესაძლებლობის კონსტიტუციური აკრძალვით, მაშინ, როდესაც არ არსებობს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი აღიარების რაიმე ფორმა, საქართველო წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტთან. შესაბამისად, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია ასევე კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა. მივიჩნევთ, რომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციის მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი ფორმულირება „თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით."
ასეთ შემთხვევაში, ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ეს ცვლილებები არ იქნება აღქმული, როგორც უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა და უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი უფლებრივი გარანტირები (მემკვიდრეობისა თუ ქონებრივი უფლებები, ურთიერთრჩენის ვალდებულებები, პატიმრისა თუ ჰოსპიტალიზებული პარტნიორის მონახულების უფლება და სხვა). აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს ევროპაში. მაგალითად, ხორვატიამ, რომელმაც ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება კონსტიტუციით აკრძალა, პარალელურად მიიღო კანონი ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან ერთად, თანასწორობის რეალური უზრუნველოფისთვის, მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნიშნების ჩამონათვალი ნათლად მოიცავდეს სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი მუხლის მსგავსი განმარტება, გაუგებარია, თუ რატომ არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო კომისია თანასწორობის უფლების ნიშნების ჩამონათვალის სრულყოფას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
თანასწორობის მოძრაობა
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედია განვითარების ფონდი (MDF)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
კავშირი „საფარი"
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
[1]2013 წელს, ECHR-მა მიიჩნია, რომ საბერძნეთი არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 და მე-8 მუხლებს, რადგან ადგილობრივი კანონმდებლობით სამოქალაქო კავშირი/სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება აკრძალული ჰქონდათ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს