განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საქართველოს მიერ დაწყებული ექსტრადიციის პროცესს და სახელმწიფოს მოვუწოდებთ არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება თბილისში თურქეთის მთავრობის ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა. მანამდე საქართველოში მოქმედი რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებებს (მათ შორის, შაჰინის და დემირელის სკოლები და შავი ზღვის უნივერსიტეტი), რომელსაც თურქეთის მხარე ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად განიხილავს, საქართველოს მთავრობა აქტიურად ამოწმებდა, რასაც
შაჰინის სკოლის სავარაუდო უკანონო დახურვა მოჰყვა. ამ კონტექსტში მუსტაფა ჩაბუქის დაკავება მკვეთრად პოლიტიკურ შინაარსს ატარებს და თურქეთის მთავრობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ლოიალობაზე უთითებს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის სისხლის სამართლის საქმის მასალების შესაბამისად, ის თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთულაჰჰ გიულენის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან ,, FETÖ/PDY” , რომელიც თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის ე.წ. მოვლენების შემდგომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა და ამ ორგანიზაციის მიზნებისთვის ახდენდა საქართველოში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წილის გასხვისებას მმართველთა ნების შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიაზე ,,Metropolitan Education and Colsultation Services". თურქეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია უმეტესად აღწერს ფეთულაჰჰ გიულენის საქმიანობას თურქეთში და არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება წარმოადგენდეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ან ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია ტერორისტულ ორგანიზაციას და მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება რატომ შეიძლება განიხილებოდეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობად.
,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19, მე-20 მუხლები კრძალავს ექსტრადიციას თუ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკურ ან პოლიტიკურთან დაკავშირებულ დანაშაულად სამხედრო დანაშაულად განიხილება. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად განიხილება თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. ამასთან, კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ექსტრადიცია აკრძალულია თუ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.
თურქეთში ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასობრივი უფლებების დარღვევის ფონზე, რომელიც მათ შორის, მკვლელობის, წამებისა და არაადამინურ მოპყრობისა ან დასჯის, სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების სრულ უგულებელყოფაში, თავისუფლების უკანონო შეზღუდვასა და ქონების კონფისკაციაში გამოიხატება, აშკარაა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში მისი ექსტრადიციის შემთვევაში პოლიტიკური დევნისა და წამებისა და არაადამინური მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ წამების პარქტიკებს ადასტურებს და გმობს
ევროპული კომისია,
გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი (CAT),
წამებაზე გაეროს მომხსენებელი,
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი. უნდა ითქვას, რომ ევროპული ქვეყნები ასევე თავს იკავებენ თურქეთის მთავრობისთვის მსგავსი ბრალდების მქონე პირების გადაცემისგან.
ამ პირობებში მიგვაჩნია, რომ რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზანაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს და დააზიანების ქვეყნის დემოკრატიული გავითარების პროცესს.
ამავდროულად ხელმომწერი ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც წლების განმვლობაში საქართველოში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ასევე მის ოჯახსა და თანამოააზრეებს ვუცხადებთ სოლიდარობას და შევეცდებით, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვას საქართველოში.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ
საქართველოს მთავრობას
- წამების, არაადამიანური მოპყრობისა ანდა დასჯისა და თურქეთის ტერიორიაზე მუსტაფა ჩაბუქის პოლიტიკური დევნისა აშკარა და რეალური რისკების გამო საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს მის ექსტრადიციაზე;
- საქართველოს მთავრობამ ყველა ზომა მიიღოს მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური, უსაფრთხო ცხოვრებისა და საქმიანობისთვის და მათ შორის, მას, მის ოჯახსა და თანამოააზრებს, რომლებიც მსგავსი რისკების წინაშე შეიძლება დადგენენ მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი;
საქართველოს პარლამენტს
- უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადიციისა და საქართველოში ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში განხილული თურქული სკოლებისა შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა.
ქვემოთ წარმოდგენილ საქმის ვრცელი სამართლებრივი შეფასების დოკუმენტს ხელმომწერი ორგანიზაციები გააგზავნიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ექსტრადიციისა და პოლიტიკური თავშესაფრის საკითხების განხილვის დროს მხედველობაში მიღების მიზნით.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)