განცხადებები
„მედიის განვითარების ფონდი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედია საშუალებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებას.
10 ივნისს ოჯახური ტრაგედიის - კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას მედია საშუალებების ნაწილმა მოახდინა დაზარალებული ოჯახში, როგორც ბრალდებულის, ასევე მსხვერპლის იდენტიფიცირება. დასახელებულია საცხოვრებელი ადგილიც. აღსანიშნავია, რომ ოჯახში არიან არასრულწლოვნები, რომელთა იდენტიფიცირება ასევე მოხდა.
11 ივნისს კი გაუპატიურების მცდელობის ფაქტის გაშუქებისას, 12 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოახდინა მსხვერპლის დედის სრული იდენტიფიცირება; ზოგიერთმა მედია საშუალებამ კი (საინფორმაციო სააგენტოებმა) დაფარეს ბრალდებულის და მსხვერპლის ვინაობა, მაგრამ მიუთითეს არა მხოლოდ რეგიონი და რაიონი, არამედ ბრალდებულის დაკავების ადგილი (ქუჩა), რასაც არ გააჩნია განსაკუთრებული საინფორმაციო ღირებულება, ამ დროს ირიბი იდენტიფიკაციის წყაროდ შეიძლება იქცეს.
შეგახსენებთ, რომ მედია-ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, (რომელიც მაუწყებლების სავალდებულო თვითრეგულირების დოკუმენტია) „მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა, განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა ანონიმურობა". მსგავსი მუხლი ასევე ჩადებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსშიც.
„მედიის განვითრების ფონდი" შეშფოთებულია იმით, რომ მედია აგრძელებს არასრულწლოვანთა გაშუქების სტანდარტის დარღვევას და მოუწოდებს არა მხოლოდ მაუწყებლებს, არამედ ყველა მედია-საშუალებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ პროფესიასა და ადამიანის უფლებებს.
მედიის განვითარების ფონდი
11 ივნისი, 2013.