დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JVGCK
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 25 სექ 2017

განცხადება კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის[1], რელიგიური გაერთიანებების[2], არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტებისა და იურისტების პოზიცია[3]და კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების გაუმართლებებლი საფუძვლებით შეზღუდვა.

2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე, მეორე მოსმენისას, პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის საფუძვლებს დაამატა ისეთი არაგანჭვრეტადი კრიტერიუმები, როგორებიცაა "სახელმწიფო უსაფრთხობა”, "დანაშაულის თავიდან აცილება” და "მართლმსაჯულების განხორციელება”. მიუხედავად, იმისა, რომ ვენეციის კომისია თავდაპირველ ოფიციალურ მოსაზრებაში ხელისუფლებას მოუწოდებდა, რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზნები გაეწერა იმგვარად, როგორც ეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებითაა დადგენილი, საპარლამენტო უმრავლესობამ უფლებაში ჩარევა დამატებითი, არაგანჭვრეტადი და მაღალი რისკის შემცველი საფუძვლებით განიზრახა.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის არღვევს სხვათა უფლებებს. ამჟამად კი, ცვლილებების პროექტი რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ექვს საფუძველს ითვალისწინებს, რომელთაგან"სახელმწიფო უსაფრთხობა”, "დანაშაულის თავიდან აცილება” და "მართლმსაჯულების განხორციელება”არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. ამგვარი კრიტერიუმებით რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევას კატეგორიულად არ უშვებს არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და არც ევროპის ქვეყნების კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

შესაბამისად, ვენეციის კომისიამ 22 სექტემბერს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილ მეორე მოსაზრებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემული საფუძვლები ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის გაგებით არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზნებს, კონვენციაში წარმოდგენილი ლეგიტიმური მიზნები მოითხოვს მკაცრ ინტერპრეტირებას და არ უნდა იყოს გაფართობული სხვა, დამატებითი ცნებებით. ვენეციის კომისიამ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც მიუთითა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს არ შეუძლია რელიგიის თავისუფლება შეზღუდოს სახელმწიფო/ეროვნული უსაფრთხოების საბაბით[4].

ყოველივე აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ცვლილებები აღმსარებლობის, რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკს წარმოშობს. ამ საფრთხეს სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტიც აძლიერებს, რადგან რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და სახელმწიფოს არასათანადო, არაეფექტური რეაგირების შემთხვევებს კვლავაც ხშირი და სისტემური ხასიათი აქვს .

ხელმომწერები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

გაითვალისწინოს რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და რელიგიის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხის შემცველი ნორმა იმგვარად შეცვალოს, რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებთან.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო(OSGF)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი

კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი

დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტი

გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი

ლევან რამიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი

თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

გიორგი ბურჯანაძე, სამართლის მაგისტრი

გიორგი ჩიტიძე, იურისტი

მიხეილ შარაშიძე, იურისტი



[1] ვენეციის კომისიის მოსაზრება საქართველოსკონსტიტუციის ცვილებებთან დაკავშირებით, 2017 წლის 22 სექტემბერი http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2017)006-e

[2] საქართველოს კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს განცხადებაhttp://www.ombudsman.ge/ge/news/religiata-sabchos-wevri-gaertianebebis-mimartva-saqartvelos-parlaments.page

[3] არასამთავრობო და აკადემიურმა ორგანიზაციებმა და იურისტებმა 2017 წლის 2 აგვისტოს განცხადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს http://tdi.ge/ge/statement/arasamtavrobo-organizaciebisa-da-iuristebis-mimartva-konstituciashi-religiis-tavisuplebis

[4]Nolan and K. v. Russia, application no. 2512/04

უკან