თარიღი: 19 ივნ 2013
არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება
(საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 17 მაისის მოვლენების შესახებ მომზადებულ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 17 მაისის მოვლენების შესახებ მომზადებულ დასკვნის პროექტს. აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი და კონტექსტი ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც უარყოფითი. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის პროექტში არ არის წარმოდგენილი კომიტეტის საბოლოო და კონკრეტული სამართლებრივი შეფასებები 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, დასკვნაში განვითარებული მსჯელობით კომიტეტი გამოხატავს მის მხარდაჭერას კონტრდემონსტრანტებისა და რელიგიური ჯგუფების მოთხოვნის მიმართ 17 მაისს დაგეგმილი აქციის დაუშვებლობის თაობაზე და აღნიშნული შეკრების ჩატარების შეზღუდვას აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი მორალისა და დომინანტი რელიგიური რწმენის პატივისცემის მოსაზრებით ამართლებს. ამგვარი განმარტებებით დასკვნის პროექტის ავტორები არასწორად ახდენენ ფაქტების წარმოჩენას და ამით ცდილობენ გამართლება მოუძებნონ სახელმწიფოს არაადეკვატურ მოქმედებასა და კონტრდემონსტრანტების მიერ გამოვლენილ აგრესიას, რომელიც დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა.სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის იმ წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ხსენებული დასკვნის პროექტის მომზადებაში, ადამიანის უფლებათა თანამედროვე გაგების შესახებ აბსოლუტურად არასწორი შეხედულება აქვთ. დასკვნაში მოყვანილი ფაქტები დამახინჯებულია, ხოლო შეფასებები ნებსით ან უნებლიედ ადამიანის უფლებათა სამართლის არასწორი ინეტრპრეტაციებით არის წარმოდგენილი.
მიგვაჩნია, რომ დასკვნის პროექტის ტექსტი იმდაგვარადაა შედგენილი, რომ ის იძლევა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის, როგორც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" განმარტების შესაძლებლობას, რაც ერთის მხრივ არ შეესაბამება 17 მაისს დაგეგმილი აქციის ხასიათს, ამასთან, ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მატარებელია და აკნინებს ლგბტ პირთა უფლებებს. აღნიშნული კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებთან. ლგბტ პირების მიერ საკუთარი სექსუალური და გენდერული იდენტობის თვითპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა და ამ საკითხის პროპაგანდად შეფასება და მისი უარყოფითი შინაარსით წარმოჩენა კონფლიქტში მოდის ლიბერალურ ღირებულებებთან. მით უფრო, რომ უშუალოდ ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვა ევროპის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში უარყოფითად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოს მიერ და მისი გაუქმება იქნა მოთხოვნილი. ამასთან, არასწორია კომიტეტის განმარტება იმ საკითხის თაობაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი ლგბტ პირების უფლებების აღიარებასთან დაკავშირებით. ამგვარი კონსენსუსის არ არსებობა მხოლოდ ერთსქესიან წყვილთა ქორწინებისა და შვილად აყვანის საკითხებს შეეხება (და ამ მიმართებით სახელმწიფოებს შეფასების ფართე ზღვარი რჩებათ) და ის არც ერთ შემთხვევაში არ ვრცელდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. მიგვაჩნია, რომ, დასკვნის პროექტი შეიცავს იმგვარ დებულებებს, რომელიც ფაქტობრივად ამართლებს უმრავლესობის რელიგიური და მორალური შეხედულებების უპირატესობას უმცირესობასთან მიმართებით, რაც ეწინააღმდეგება ტოლერანტობისა და პლურალიზმის პრინციპებს და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უარყოფით პოზიციას აღნიშნული დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით და მას განვიხილავთ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საზიანოს. მისი წარმოდგენილი შინაარსით მიღება მიგვაჩნია დაუშვებლად, რადგანაც შეურაცხყოფს როგორც ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე წაახალისებს საზოგადოებაში ქსენოფობიური და ჰომოფობიური მოტივებით ძალადობას.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
უკან