დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KBXNZ
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 28 თებ 2018

ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების არამართლზომიერად გადაცემის ფაქტებზე გამოძიება უნდა დაიწყოს

2018 წლის 15 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხები შეაფასა. ანგარიშში, სხვა საკითხებს შორის, მოხვდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიასთან - შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი” - დაკავშირებული ორი შემთხვევა.
კერძოდ, აუდიტის დასკვნით, პირველ შემთხვევაში ამ კომპანიას უკონკურენტო აუქციონის გზით გადასცეს დაახლოებით 3 500 მ2  მიწა, რის შედეგადაც მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში იგივე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, რომელზეც გზა იქნა გაყვანილი, მუნიციპალიტეტმა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” სხვა ტერიტორიაზე გადასცა სამი მიწის ნაკვეთი. პროცესის რამდენიმე წლით გაჭიანურების გამო, კომპანიამ აღნიშნული მიწების ღირებულებებს შორის სხვაობის დასაფარად გაცილებით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ეს ყველა პროცედურის დროულად დასრულების შემთხვევაში მოხდებოდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ქალაქის ქონებას არაგონივრულად განკარგავდნენ, რაც შესაძლოა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტთან” გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგიც ყოფილიყო. ამ გარემოებებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ სწორედ ამ ანგარიშზე მუშაობის გამო გასულ წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რაზეც დღემდე არ დასრულებულა გამოძიება.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყოს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის” თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ არამართლზომიერად გადაცემული ქონების ფაქტზე.
  • საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა შედეგები გამოიკვეთა  ლაშა თორდიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაში.


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

უკან